ენმ

ნაყოფია ენმ-ზე: სააკაშვილს არ მოსწონს პროცესი და მიაჩნია, რომ რა დროს ეგ არის

ნაციონალური მოძრობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, კობა ნაყოფია აცხადებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ენმ-ში მიმდინარე მოვლენები არ მოსწონს და არც პროცესებში ერევა. ამის შესახებ ნაყოფიამ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ისაუბრა. 

"მიხეილ სააკაშვილი არ ერევა ამ პროცესებში. აი, ეს შემიძლია დანამდვილებით გითხრათ. რა თქმა უნდა, არ მოსწონს და მიაჩნია, რომ რა დროს ეგ არის. მიხეილ სააკაშვილს არასდროს მიაჩნდა, რომ... ჩვენი ენერგია, ძალა, ახლა უნდა იყოს მიმართული სხვა საკითხებთან მიმართებაში ანუ ჩვენ ახლა უნდა შევცვალოთ ხელისუფლება და არა ნაციონალური მოძრაობა...

ვიხილეთ, ცალკე ჩატარებული ბრიფინგი, რომლის შესახებაც არც მე, როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ არაფერი ვიცოდი, ისევე, როგორც პარტიის თავმჯdომარემ არაფერი იცოდა. სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე. მოდით, დაველოდოთ მოვლენებს... მე ბევრ ოფიციალურ ვერსიას ვისმენ, მაგრამ საქმე ცოტა სხვა რამეშია. სამწუხაროდ, ჩვენმა კოლეგებმა იჩქარეს".- ამბობს ნაყოფია. 

მისივე თქმით, არ მიაჩნია, რომ ნიკა მელიამ ამოწურა თავის თავი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილი შიდაპარტიულ არჩევნებს და თავჯდომარის ხელახლა არჩევას ითხოვს. ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე 9 ნოემბერს ისაუბრა. ენმ-ს წევრთა ნაწილი თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების იდეას დაეთანხმა და თქვა, რომ პარტიას "დამატებითი ლეგიტიმაცია სჭირდება", ნაწილის აზრით, შიდაპარტიულ თემაზე ბრიფინგის ჩატარება და მოთხოვნის ეს ფორმა "უცნაური და დასანანია", ენმ-ში კი ახლა "რაღაც თანამდებობაზე" ლაპარაკის დრო არ არის. წევრები ამბობენ, რომ პარტიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიურად მიდის საორგანიზაციო და გეგმებთან დაკავშირებით შეხვედრები, თუ როგორ უნდა გააგრძელონ საქმიანობა.  

მოგვიანებით, ბრიფინგი გამართა ნიკა მელიამ და თქვა, რომ მისი კოლეგების ბრიფინგში არაფერი ახალი არ ყოფილა, გარდა ბრიფინგის ფორმისა – მისივე სიტყვებით, არჩევნებში მონაწილეობისთვის მზად არის.

პარტიის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი და საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე ამბობენ, რომ ისინი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ. პოსტზე საკუთარი კანდიდატურები წამოაყენეს ენმ-ს წევრმა, გიორგი ჩალაძემ და აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ.

ენმ-ს გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა და თავმჯდომარის ხელახალ არჩევნებზე საუბარი მათ შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ოლიგარქობაში დასდო ბრალი.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება.

კომენტარები