დაძაბულობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის

რაკეტების გაშვებები სამხრეთ კორეასა და აშშ-ზე იერიშების სიმულაცია იყო – ჩრდ. კორეა

ჩრდილოეთ კორეის მიერ 2022 წლის 7 ნოემბერს გავრცელებული ფოტოები, რომლებზეც დაუზუსტებელ ადგილსა და დროს ბალისტიკური რაკეტების გამოცდაა ასახული

7 ნოემბერს ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ მათ მიერ გასულ კვირაში რაკეტების გაშვება სამხრეთ კორეასა და აშშ-ზე იერიშების სიმულაცია იყო, რომელიც ვაშინგტონისა და სეულის "სახიფათო ომის წვრთნების" ფონზე ჩატარდა.

გასულ კვირაში, აშშ-სა და სამხრეთ კორეის ექვსდღიანი მასშტაბური სამხედრო წვრთნების პარალელურად, ფხენიანმა გამოსცადა რამდენიმე რაკეტა, მათ შორის, სავარაუდოდ, წარუმატებლად გაუშვა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტაც, ასევე, ასობით საარტილერიო ჭურვი ზღვაში ისროლეს.

ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, სამხრეთისა და აშშ-ს Vigilant Storm-ის წვრთნები იყო "ღია პროვოკაცია, რომლის მიზანიც დაძაბულობის განზრახ გაზრდაა". ამას გარდა, მათ წვრთნებს "ძალიან მაღალი აგრესიული სახის სახიფათო ომის წვრთნები" უწოდეს.

ფხენიანის თქმით, მათ ჩაატარეს საჰაერო ბაზებსა და თვითმფრინავებზე, ასევე სამხრეთ კორეის ქალაქებზე იერიშების სიმულაციები.

6 იანვარს აშშ-ს, იაპონიისა და სამხრეთ კორეის დიპლომატებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და მათ ჩრდილოეთ კორეის "უპასუხისმგებლო" ქმედებები დაგმეს.

სამხრეთ კორეის გენერალთა გაერთიანებული შტაბის თქმით, მათმა გემმა შეძლო ჩრდილოეთ კორეული მოკლე მანძილის ბალისტიკური რაკეტის ნარჩენების მოპოვება. რაკეტა სამხრეთ კორეის ტერიტორიული წყლების მახლობლად 2 ნოემბერს ჩამოვარდა. სამხრეთ კორეის წარმომადგენლების თქმით, ისინი მოპოვებული ნარჩენების შესწავლას დაიწყებენ.

ჩრდილოეთ კორეის მტკიცებით, მათ 2 ნოემბერს გამოცადეს ორის "სტრატეგიული" ფრთოსანი რაკეტა, სამხრეთ კორეის სანაპირო ქალაქი ულსანის წყლების მიმართულებით. ულსანში ბირთვული ელექტროსადგური მდებარეობს. სამხრეთ კორეამ ფხენიანის ამ მტკიცებას სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე რაკეტები არ დაუფიქსირებიათ.

ამას გარდა, ჩრდილოეთ კორეის მტკიცებით, მათი ოპერაცია მოიცავდა ორი "დისპერსიული ქობინებით დატვირთული ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტის" გამოცდას. ამასთანავე, ფხენიანი აცხადებს, რომ ჩაატარეს საჰაერო მანევრებიც, რაშიც მონაწილეობა 500-მა ავიაგამანადგურებელმა მიიღო. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ფხენიანის ეს რიცხვები გადაჭარბებულია და რეალობას, სავარაუდოდ, არ შეესაბამება.


ბოლო კვირებში ორ კორეას შორის, სეულისა და ვაშინგტონის ერთობლივი მასშტაბური სამხედრო წვრთნების, Vigilant Storm-ის გამო, დაძაბულობამ მკვეთრად იმატა. 

ხუთშაბათს, 3 ნოემბერს, ჩრდილოეთ კორეის მიერ, სავარაუდოდ, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შემდეგ, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი და სამხრეთ კორეა სამხედრო წვრთნებს გაახანგრძლივებდნენ.ამას გარდა, ოსტინმა აღნიშნა, რომ თუ ფხენიანი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს აშშ-ს, მისი მოკავშირეების ან პარტნიორების წინააღმდეგ, ამას კიმ ჩენ ინის რეჟიმის დასასრული მოჰყვება.

აქამდე, 2 ნოემბერს, ჩრდილოეთ კორეამ ერთ დღეში 28 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რაც ერთი დღისთვის რეკორდულია. აქედან ერთი სამხრეთ კორეის სანაპიროდან 57 კილომეტრში, ჩრდილოეთის გამყოფი ხაზის სამხრეთით ჩამოვარდა. საპასუხოდ, სამხრეთმა რაკეტები ჩრდილოეთის გამყოფი ხაზის ჩრდილოეთით გაუშვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მხარეებმა რაკეტები ერთმანეთის ტერიტორიული წყლების მახლობლად გაუშვეს.

ბოლო პერიოდში სამხრეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დაძაბულობა მკვეთრად იზრდება. მხოლოდ ამ წელს ჩრდილოეთ კორეამ 50-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა. ერთ-ერთმა იაპონიასაც კი გადაუფრინა. 

სამხრეთ კორეისა და აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, ფხენიანმა ყველა საჭირო მომზადება დაასრულა და მზადაა ბირთვული იარაღის გამოცდების გასაგრძელებლად, რაც ბოლოს 2017 წელს მოხდა.

4 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეამ გამოაცხადა, რომ საზღვართან ჩრდილოეთის 180-მდე სამხედრო თვითმფრინავი შენიშნეს, სეულმა საპასუხოდ 80-მდე გამანადგურებელი ააფრინა.

კომენტარები