ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიამ 16 ოქტომბერს განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში ჯარში გაწევრიანებისთვის 1.4 მილიონი ახალგაზრდა გამოცხადდა და ასევე სამხრეთ კორეას ვითარების "ომის ზღვრამდე" მიყვანაში დასდო ბრალი.
სამთავრობო მედია KCNA-ის მიხედვით, ახალგაზრდა კორეელებმა, მათ შორის სტუდენტებმა, ჯარში გაწევრიანებისთვის პეტიციებს მოაწერეს ხელი და ისინი მზად არიან, რომ "რევოლუციის იარაღით მტრის გასანადგურებლად წმინდა ომში" იბრძოლონ.
KCNA-მ ასევე გამოაქვეყნა სურათები, რომლებშიც დაუდგენელ ადგილზე ახალგაზრდები პეტიციებს აწერენ ხელს.
"თუ ომი დაიწყება, კორეის რესპუბლიკა რუკიდან გაქრება. ვინაიდან მას ომი სურს, ჩვენ მზად ვართ, მის არსებობას წერტილი დავუსვათ". - ნათქვამი იყო სამთავრობო მედიის გამოშვებაში.
ჩრდილოეთ კორეას ანალოგიური განცხადებები, დაძაბულობის დროს ჯარში ხალხის მოხალისეობრივი მობილიზაციის შესახებ, წარსულშიც აქვს გაკეთებული, თუმცა იზოლირებულ სახელმწიფოში მსგავსი განცხადებების გადამოწმება რთულია.
2023 წელს ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედია ამბობდა, რომ აშშ-ს წინააღმდეგ ჯარში მსახურობის სურვილი 800 000-მა მოქალაქემ გამოთქვა. ამავე მედიამ 2017 წელს განაცხადა, რომ მსახურობის სურვილი ნებაყოფლობით თითქმის 3.5 მილიონმა მუშამ, პარტიის წევრმა და ჯარისკაცმა გამოთქვა.
13 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეის გენერალურმა შტაბმა სამხრეთ კორეის საზღვართან განლაგებული სამხედრო არტილერია საბრძოლო მზადყოფნაში გადაიყვანა, მას შემდეგ, რაც 11 ოქტომბერს ფხენიანმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატები შეფრინდნენ.
როგორც გამოცემა Reuters-ი წერდა, სამხრეთ კორეელმა აქტივისტებმა დრონების გამოყენებით ჩრდილოეთ კორეაში გააგზავნეს პირველადი დახმარების ამანათები და ფლაერები, რომლებშიც ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს, კიმ ჩენ ინს აკრიტიკებდნენ.
ამას გარდა, გუშინ, 16 ოქტომბერს, ჩრდილოეთ კორეამ დემილიტარიზებულ ზონაში სამხრეთ კორეასთან დამაკავშირებელი გზებისა და სარკინიგზო ხაზების მონაკვეთები ააფეთქა. როგორც გავლენიანი გამოცემები წერენ, ეს ფხენიანის სეულისადმი "ბრაზის სიმბოლური გამოხატულებაა".
თავის მხრივ, სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტრომ ფხენიანის ქმედებები მკაცრად დაგმო და მას "პათოლოგიური" უწოდა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეა დემილიტარიზებული ზონის (DMZ) მიმდებარე ტერიტორიაზე სამხრეთთან დამაკავშირებელი გზების ასაფეთქებლად ემზადებოდა 14 სექტემბერს სეულმა გაავრცელა.