დაძაბულობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის

ოსტინი: აშშ-ზე ან პარტნიორებზე ბირთვულ იერიშს კიმის რეჟიმის დასასრული მოჰყვება

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი გააფრთხილა და თქვა, რომ თუ ფხენიანი ბირთვულ იერიშს მიიტანს აშშ-ზე, მის მოკავშირეებზე ან პარტნიორებზე, ამას მისი რეჟიმის დასასრული მოჰყვება. ამის შესახებ მან სამხრეთ კორეელ კოლეგასთან, ლი ჯონგ-სუპთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

"ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა აშშ-ს, მისი მოკავშირის ან პარტნიორის წინააღმდეგ, არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების ჩათვლით, მიუღებელია და შედეგად კიმის რეჟიმის დასასრული მოჰყვება". – თქვა ოსტინმა. 

კომენტარი პენტაგონის მეთაურმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რამდენიმე საათის წინ ჩრდილოეთ კორეამ მორიგი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ოსტინმა და ლიმ შეშფოთება გამოთქვეს.

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მსგავსი სიტყვები გამოყენებული ჰქონდა გასულ კვირას გამოცემულ ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაში. 

ამას გარდა, აშშ-ში გამართულ შეხვედრაზე ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ აშშ და სამხრეთ კორეა გაახანგრძლივებენ The Vigilant Storm-ის მასშტაბურ სამხედრო ვარჯიშებს. 

ბაიდენის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეას წინაპირობების გარეშე შეხვედრას სთავაზობს, მათ შორის ვიზიტების ფხენიანში გამართვის შესაძლებლობით. ჯერჯერობით შეთავაზებაზე ჩრდილოეთ კორეას პასუხი არ გაუცია.

რამდენიმე დღის წინ, ჩრდილოეთ კორეამ ერთ დღეში 28 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. აქედან ერთი სამხრეთ კორეის სანაპიროდან 57 კილომეტრში, ჩრდილოეთის გამყოფი ხაზის სამხრეთით ჩამოვარდა. საპასუხოდ, სამხრეთმა რაკეტები ჩრდილოეთის გამყოფი ხაზის ჩრდილოეთით გაუშვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მხარეებმა რაკეტები ერთმანეთის ტერიტორიული წყლების მახლობლად გაუშვეს.

ბოლო პერიოდში სამხრეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დაძაბულობა მკვეთრად იზრდება. მხოლოდ ამ წელს ჩრდილოეთ კორეამ 50-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა. ერთ-ერთმა იაპონიასაც კი გადაუფრინა. 

სამხრეთ კორეისა და აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, ფხენიანმა ყველა საჭირო მომზადება დაასრულა და მზადაა ბირთვული იარაღის გამოცდების გასაგრძელებლად, რაც ბოლოს 2017 წელს მოხდა.

კომენტარები