ჩრდილოეთ კორეის გენერალურმა შტაბმა სამხრეთ კორეის საზღვართან განლაგებული სამხედრო არტილერია საბრძოლო მზადყოფნაში გადაიყვანა მას შემდეგ, რაც 11 ოქტომბერს ფხენიანმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატები შეფრინდნენ.
როგორც გამოცემა Reuters-ი წერს, რამდენიმე დღის წინ სამხრეთ კორეელმა აქტივისტებმა დრონების გამოყენებით ჩრდილოეთ კორეაში გააგზავნეს პირველადი დახმარების ამანათები და ფლაერები, რომლებშიც ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს, კიმ ჩენ ინს აკრიტიკებდნენ.
ჩრდილოეთ კორეა ამანათების გაგზავნაში სამხრეთ კორეის არმიას ადანაშაულებს. საპასუხოდ ფხენიანმა დრონების გამოყენებით უკვე რამდენჯერმე გაუშვა ნარჩენებით სავსე ბუშტები სამხრეთ კორეაში.
როგორც ჩრდილოეთ კორეული საინფორმაციო სააგენტო KCNA წერს, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ფხენიანის ვარაუდით, კიდევ უფრო მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გამოჩნდება დედაქალაქის თავზე, ხოლო ამისთვის აუცილებელია, რომ თავდაცვის ძალები პოტენციური სამხედრო ესკალაციისთვის სრულ მზადყოფნაში იყვნენ.
კიმ ჩენ ინის და, კიმ იო ჩენი სეულს "შემზარავი კატასტროფითაც" დაემუქრა. მისი თქმით, დამნაშავე სამხრეთ კორეის არმიაა, რომელმაც ვერ მოახდინა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ფხენიანის მიმართულებით გაშვებული დრონების დროული იდენტიფიკაცია.
სამხრეთ კორეის გენერალური შტაბის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ მათ ფხენიანის ბრალდებების დადასტურება არ შეუძლიათ.