დაძაბულობა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის

საზღვართან ფხენიანის 180-მდე თვითმფრინავის ფრენის პასუხად, სეულმა გამანადგურებლები ააფრინა

სამხრეთ კორეის საჰაერო ძალების F-35
LOCKHEED MARTIN

4 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც 4-საათიან მონაკვეთში სამხედროებმა სამხრეთ კორეის საზღვართან ჩრდილოეთ კორეის 180-მდე თვითმფრინავი დააფიქსირეს, სეულმა საპასუხოდ საკუთარი თვითმფრინავები, მათ შორის F-35A ტიპის გამანადგურებლები ააფრინა

შემთხვევა, ჩრდილოეთ კორეის მიერ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის სავარაუდო წარუმატებელი გამოცდის შემდეგ მოხდა. ამას გარდა, ღამის განმავლობაში ჩრდილოეთმა ისროლა 80-მდე საარტილერიო ჭურვი და ზღვის მიმართულებით რამდენიმე რაკეტაც. ჩრდილოეთის თვითმფრინავების შემჩნევის საპასუხოდ, სამხრეთმა 80-მდე თვითმფრინავი ააფრინა, მაშინ, როცა, პარალელურ რეჟიმში, აშშ-სთან ერთად გამართულ წვრთნებში 240-მდე გამანადგურებელი მონაწილეობდა.

როგორც სეული ამბობს, ფხენიანის თვითმფინავები სამხედრო დემარკაციის ხაზის ჩრდილოეთით, ამ გამყოფთან ახლოს შენიშნეს, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, 10-50 კილომეტრის დაშორებით.

ბოლო კვირაში ორ კორეას შორის, სეულისა და ვაშინგტონის ერთობლივი მასშტაბური სამხედრო წვრთნების, Vigilant Storm-ის გამო, დაძაბულობამ მკვეთრად იმატა. 

ხუთშაბათს, 3 ნოემბერს, ჩრდილოეთ კორეის მიერ, სავარაუდოდ, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შემდეგ, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი და სამხრეთ კორეა სამხედრო წვრთნებს გაახანგრძლივებდნენ. ამას გარდა, ოსტინმა აღნიშნა, რომ თუ ფხენიანი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს აშშ-ს, მისი მოკავშირეების ან პარტნიორების წინააღმდეგ, ამას კიმ ჩენ ინის რეჟიმის დასასრული მოჰყვება.

რამდენიმე დღის წინ, ჩრდილოეთ კორეამ ერთ დღეში 28 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რაც ერთი დღისთვის რეკორდულია. აქედან ერთი სამხრეთ კორეის სანაპიროდან 57 კილომეტრში, ჩრდილოეთის გამყოფი ხაზის სამხრეთით ჩამოვარდა. საპასუხოდ, სამხრეთმა რაკეტები ჩრდილოეთის გამყოფი ხაზის ჩრდილოეთით გაუშვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მხარეებმა რაკეტები ერთმანეთის ტერიტორიული წყლების მახლობლად გაუშვეს.

ბოლო პერიოდში სამხრეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დაძაბულობა მკვეთრად იზრდება. მხოლოდ ამ წელს ჩრდილოეთ კორეამ 50-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა. ერთ-ერთმა იაპონიასაც კი გადაუფრინა. 

სამხრეთ კორეისა და აშშ-ს დაზვერვის ინფორმაციით, ფხენიანმა ყველა საჭირო მომზადება დაასრულა და მზადაა ბირთვული იარაღის გამოცდების გასაგრძელებლად, რაც ბოლოს 2017 წელს მოხდა.

კომენტარები