მე-10 მოწვევის პარლამენტი

პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 9. 

სპეციალური სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ კანონპროექტში ოლიგარქი განმარტებულია, როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირი. კანონპროექტის თანახმად ამ განმარტებას დააკმაყოფილებს და ოლიგარქად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან, სულ მცირე, სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს:

  • პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს;
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;
  • არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;
  • მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1 000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

მოქალაქეს ოლიგარქად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას თავად პარლამენტი მიიღებს, მათ კი სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ. რეესტრთან დაკავშირებულ წესებს, მათ შორის მისი შექმნისა და წარმოების წესებსაც, პარლამენტი დაამტკიცებს. რეესტრის შექმნასა და წარმოებასაც პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს.

პარლამენტის მიერ ოლიგარქების რეესტრში შეყვანილ პირს აეკრძალება:

  • პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულებების გაღება, სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება, დაკავშირებული პირების მეშვეობით ან/და ისეთი იურიდიული პირების მეშვეობით, სადაც ის საბოლოო ბენეფიციარია, სამუშაოს შესრულება, საქონლის ან მომსახურების მიწოდება; აგრეთვე საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად კანდიდატების საარჩევნო ფონდში (გარდა თავისი საარჩევნო ფონდისა) შემოწირულებების გაღება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება;
  • ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი);
  • ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა.

კომენტარები