ნიკა გვარამიას საქმე

გვარამიას ადვოკატი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აუცილებლად ინანებენ, სიმართლე დადგინდება

დიმიტრი საძაგლიშვილი
IPN

"მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი აუცილებლად ინანებენ გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ, სიმართლე აუცილებლად დადგინდება".- ასე ეხმიანება მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას უფლებადამცველი, დიმიტრი საძაგლიშვილი, სააპელაციო სასამართლოს მიერ გვარამიას პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას

მისი თქმით, ყველასთვის ნათელია, რომ ნიკა გვარამია უდანაშაულოა და ეს სააპელაციო სასამართლოშიც გამოიკვეთა. 

"იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოშიც გამოიკვეთა ნიკა გვარამიას უდანაშაულობა და აბსოლუტურად ყველასთვის ნათელია, რომ ის გაყალბებული განაჩენით იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში, ჯორბენაძემ, მამისეიშვილმა და მაღლაკელიძემ გაიზიარეს ლაშა ჩხიკვაძის ბედი... ეს მათი პერსონალური არჩევანია".- თქვა საძაგლიშვილმა მთავარ არხთან.

ადვოკატმა სასჯელის დამძიმების საკითხზეც ისაუბრა: 

"როგორც ჩანს ძალიან ტკიოდათ, რომ ნიკა გვარამია 6 თვის განმავლობაში ციხეში იჯდა ავტომობილის პირადი მიზნებით გამოყენებისთვის და გადაწყვიტეს, რომ უსამართლობა კი არ გამოესწორებინათ და გაეთავისუფლებინათ, სხვა ეპიზოდზეც გამოეყენებინათ პატიმრობა, რომ თითქოსდა შეეცადონ გამართლებას, რომ ავტომობილის გამოყენების გამო საპატიმრო დაწესებულებაში არ იმყოფება. შედეგის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა, უბრალოდ ხელისუფლების მესიჯბოქსის შესაბამისად შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება".- ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი. 

სააპელაციო სასამართლომ, წინა ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი გაფლანგვის მუხლი გადააკვალიფიცირა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით. თუმცა, თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მთავარი არხის დირექტორს 2015 წლის ეპიზოდზე ჯარიმა მიუსაჯა, ხოლო ავტომანქანის ეპიზოდზე თავისუფლების აღკვეთა, სააპელაციო სასამართლომ ორივე ეპიზოდზე საპატიმრო სასჯელი გამოიყენა.


16 მაისს, კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე ერთი თვით ადრე, მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა.

კომენტარები