ენმ

მელია: როცა ბევრი შევიდა პარლამენტში, როცა ბოიკოტი დაირღვა, რა აზრი ჰქონდა გარეთ დარჩენას?

ნიკა მელია
REUTERS/Zurab Tsertsvadze

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მიერ პარლამენტისთვის გამოცხადებულმა ბოიკოტმა აზრი დაკარგა, როცა მასში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მაინც შევიდნენ და ბოიკოტს აზრი აღარც ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის ჰქონდა. 

მთავარი არხის ეთერში ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ მელიას პარლამენტისთვის ბოიკოტის მაგალითად ევროპული საქართველოსა და მისი ლიდერის მაგალითი მოუყვნა.

კვესიტაძე: თავის დროზე უნდა მოგეწერათ ხელი, როცა მიშელი იყო ჩამოსული და მერე რაღატომ მოაწერეთ ხელი? რაღატომ შეხვედრით პარლამენტში? ახლა პარლამენტიდან რაღატომ აღარ გამოდიხართ?

მელია: წინასწარი განწყობით მელაპარაკებით, როცა შევიდა ბევრი ადამიანი, რა აზრი ჰქონდა გაერთ დარჩენას, როდესაც დაირღვა ბოიკოტი?

კვესიტაძე: ბოკერია ამბობდა, რომ არ უნდა შევიდეთ და არ შევიდა ბოლომდე. თუ თქვენი პრინციპული პოზიცია იყო, რომ არ უნდა შესულიყავით, ვიღაცებმა გიღალატეს იმით, რომ შევიდნენ, თქვენ რატომ შეხვედით?

მელია: ჩვენ კი არ გვიღალატეს, მოძრაობას უღალატეს, 2021 წლის. იმის მოსმენა გაღიზიანებთ, რაც არ გაწყობთ. მე ჩემი არგუმენტები მაქვს, რომელიც კონკრეტულ ფაქტებს ეფუძნება. არ იცით რატომ არ მოვაწერე? როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებთან ერთად, ჩვენ ჩავატარეთ შესაბამისი კვლევა და პრაქტიკულად მთელი საზოგადოება მოგვიწოდებდა, რომ ნაციონალური მოძრაობის გარეთ ყოფნას რაღა აზრი აქვს, შებრძანდითო.

იმათთვის დაგისვიათ კითხვა, როცა ნიკა მელია ციხეში იყო, პარლამენტში რატომ შეხვედითო?

კვესიტაძე: ვინც შევიდა, არგუმენტი აქვთ – დასავლელი პარტნიორები მათგან ამას მოითხოვდნენ.

მელია: და მერე, სწორია? აზრს ხედავდით რაციონალურს? თქვენთან უნდა დამჯდარიყო მთელი დეპუტაცია და გადაცემა წაეყვნათ?

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა 2020 წელს პარლამენტისთვის გამოცხადებული ბოიკოტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით 2021 წლის 19 აპრილს დაასრულეს

ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება 2021 წლის 28 აპრილს ანულირებულად გამოაცხადა. იმავე წლის ზაფხულში პარლამენტში შესვლის შემდეგ, სექტემბერში შეთანხმებას ხელი მოაწერა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ ევროპული საქართველოსლეიბორისტული პარტიას და პარტია კანონსა და სამართალს, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრსა და ამჟამად დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას.

კომენტარები