ხვიჩა კვარაცხელია

"როდესაც უყურებენ ხვიჩას, ხედავენ მარადონას" – CNN-მა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა

CNN

გამოცემა CNN-მა საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ნახევარმცველს, ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა:

"ნაპოლის რიგებში ყოველთვის იყვნენ შემტევი, ამავდროულად გუნდის თილისმის სტატუსის მქონე ფეხბურთელები. ბოლო წლებში ეს სტატუსი ჰქონდათ დრის მერტენსსა და ლორენცო ინსინიეს, რამდენიმე წლით ადრე – მარეკ ჰამსიკსა და ესეკიელ ლავესის, მაგრამ ყველაზე ცნობილი მათ შორის რა თქმა უნდა დიეგო მარადონა იყო.

არგენტინელი ნეაპოლიტანური ფეთქებადობისა და თავხედობის სიმბოლო გახდა. მარადონამ შვიდი წლის განმავლობაში კლუბს ორი სკუდეტო და უეფას თასი მოუტანა. 2020 წელს, გარდაცვალების შემდეგ, მისი სახელი მიენიჭა გუნდის სტადიონს.

მარადონამ დაამკვიდრა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც გუნდში ყოველთვის არის ადგილი მინიატურული, ეშმაკი, შემტევი ფეხბურთელებისთვის. გულშემატკივრები ელოდებიან ახალ მარადონას, იმედს, რომელიც გუნდს სერია A-ს მესამე ტიტულს მოუტანს.

ივლისში, ნაპოლიში ყველასთვის უცნობი ქართველი უინგერი გამოჩნდა. გადავინაცვლოთ ნოემბერში, მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია კლუბში პომპეზურობის გარეშე მივიდა, მას უკვე ადარებენ მარადონას, მას მოფერებით კვარადონას ეძახიან.

ნაპოლის ორმა, ერთ-ერთმა ყველაზე ერთგულმა მოთამაშეებმა ადგილობრივმა ინსინიემ და კლუბის ისტორიაში ყველაზე შედეგიანმა ბომბარდირმა მერტენსმა ზაფხულში კლუბი დატოვეს და საკუთარი კარიერა სხვაგან განაგრძეს.

კლუბი ფლანგისთვის ახალ ფეხბურთელებს ეძებდა. ყველასთვის მოულოდნელად, ნაპოლიმ ევროპისთვის უცნობი კვარაცხელია ბათუმის დინამოსგან 14.8 მილიონ დოლარად შეიძინა. თავდაპირველად ნაპოლის ამ გადაწყვეტილებას ბევრი იტალიელი ფეხბურთის ქომაგი და ჟურნალისტი კრიტიკულად შეხვდა.

"რაღაც არ არის რიგზე, როდესაც მერტენსისა და ინსინიეს ადგილს საქართველოს ჩემპიონატიდან მოსული ახალგაზრდა იკავებს". – ამ სიტყვებით შეხვდა ნაპოლის ტრანსფერს ერთ-ერთი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი.

77-ნომრიანი მაისურით კვარაცხელიამ იმაზე მეტი შეძლო, ვიდრე ვინმე მოელოდა. 21 წლის ქართველი ლუჩანო სპალეტის დინამიურ ნაპოლიში, მარცხენა ფლანგის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა გახდა, რომელიც იტანდა გოლებს, აკეთებდა საგოლე გადაცემებს და საკუთარ გუნდთან ერთად სერია A და ჩემპიონთა ლიგა შტურმით დალაშქრა. 

16 მატჩში მან 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. კვარაცხელია, როგორც ვარსკვლავი ლივერპულთან მატჩში დაიბადა, როდესაც შარშანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტ დაცვის ხაზი მოედანზე დაატერორა.

კვარაცხელიას დებიუტი 17 წლის ასაკში საქართველოს ყველაზე ტიტულოვან თბილისურ დინამოში შედგა. თუმცა დიდი წარმატებისკენ გზა დაკლაკნილი აღმოჩნდა. ქართველი ფეხბურთელი ჯერ მოსკოვის ლოკომოტივში, ხოლო შემდეგ ყაზანის რუბინში თამაშობდა. 2018 წელს გამოცემა Guardian-მა ის 60 ყველაზე იმედისმომცემი ახალგაზრდა ფეხბურთელის სიაში შეიყვანა.

რუსეთში თამაშის პარალელურად კვარაცხელია ეროვნული ნაკრების შეუცვლელი და წამყვანი წევრი გახდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კვარაცხელიას შესაძლებლობის ფანჯარა მიეცა, რომელიც მან გამოიყენა, ჯერ რამდენიმე თვე ბათუმის დინამოში ითამაშა, ზაფხულის მიწურულს კი ნაპოლიში გადავიდა. პარალელურად კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა თავი. ამ ორმა ფეხბურთელმა გაჭრა ახალი გზა ევროპისკენ". 

სრული სტატიის წაკითხვა შესაძლებელია ამ ბმულზე.

კომენტარები