დიდი ბრიტანეთი-რუსეთი

ზახაროვა თრასის გადადგომაზე: ბრიტანეთს ასეთი სამარცხვინო პრემიერმინისტრი არასდროს ჰყოლია

მარია ზახაროვა
RT

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ლიზ თრასის გადადგომას გამოეხმაურა და მას სამარცხვინო უწოდა

"ბრიტანეთს ასეთი სამარცხვინო პრემიერმინისტრი არასდროს ჰყოლია". - თქვა ზახაროვამ.

ამასთან ერთად, მარია ზახაროვამ ლიზ თრასის პირადი თვისებებიც დაიწუნა და მას "კატასროფულად გაუნათლებელი" უწოდა.


20 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ლიზ თრასი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ თრასმა დაუნინგ სთრითზე გამარტულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. თრასის თქმით, მას არ შეუძლია იმ ამოცანების შესრულება, რისთვისაც კონსერვატიულმა პარტიამ ის ერთი თვის წინ პრემიერმინისტრად აირჩია. 

"მე თანამდებობა დავიკავე დიდი ეკონომიკური და საერთაშორისო არასტაბილურობის პერიოდში. ოჯახები და ბიზნესები დარდობდნენ, როგორ გადაეხადათ გადასახადები. პუტინის არალეგალური ომი უკრაინაში საფრთხეს უქმნის მთელი ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებას. ჩვენი ქვეყანა დიდი დროის განმავლობაში იყო შეჩერებული დაბალი ეკონომიკური ზრდის გამო. კონსერვატიულმა პარტიამ მე ამ ვითარების შეცვლის მანდატით ამირჩია. ჩვენ დაპირებები შევასრულეთ ენერგიის გადასახადებზე და ეროვნული დაზღვევის შემცირებაზე. ჩვენ ასევე განვსაზღვრეთ დაბალი გადასახადისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის ხედვა, რომელიც ისარგებლებდა ბრექსიტისგან მინიჭებული თავისუფლებებით. სიტუაციიდან გამომდინარე, ვაღიარებ, რომ არ შემიძლია იმ მანდატის შესრულება, რისთვისაც კონსერვატიულმა პარტიამ ამირჩია". – თქვა თრასმა.

2 დღის წინ, 18 ოქტომბერს ლიზ თრასმა, რომელიც ქვეყნის პრემიერმინისტრი თითქმის 6 კვირის წინ გახდა, თქვა, რომ მომავალ არჩევნებში იგი კონსერვატიულ პარტიას უხელმძღვანელებდა. მან ბოდიში მოიხადა თავის მიერ შემუშავებულ ეკონომიკურ პროგრამაში დაშვებული შეცდომებისთვის, რომელმაც ინვესტორების ნდობის შემცირება და გამოკითხვებში მისი კაბინეტის რეიტინგის დაცემა გამოიწვია, თუმცა, აღნიშნა, რომ იგი ამის გამო თანამდებობის დატოვებას არ აპირებდა

"ვრჩები, რადგან მათ მე ამირჩიეს, რათა ამ ქვეყანას ვემსახურო და ეს სწორედ ისაა, რის გაკეთებასაც ვაპირებ". - დასძინა თრასმა.  

14 ოქტომბერს ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ლიზ თრასმა ფინანსთა მინისტრი, კვასი კვარტენგი გაათავისუფლა და ნაწილობრივ შეცვალა გადასახადების შემცირების გეგმა. კვარტენგის ცნობით, მან თანამდებობა თრასის მოთხოვნით დატოვა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონიდან ლონდონში დაბრუნდა.

გასათვალისწინებელია, რომ თრასმა და კვარტენგმა, რომელიც ხაზინის კანცლერი იყო, უზარმაზარი პოლიტიკური კაპიტალი მოახმარეს გადასახადების გეგმის შემცირების განხორციელებას. ისინი იმედოვნებდნენ, რომ გადასახედების შემცირება გაზრდიდა ეკონომიკურ სტიმულებს - ამ გადაწყვეტილებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა საკუთარი პარტიის მხრიდან. ასევე, შეასუსტა ფუნტი, რომელიც დოლართან მიმართებით რეკორდულად დაეცა.

თვის დასაწყისში, მთავრობამ გეგმის ფართოდ გაკრიტიკებულ ნაწილზე უკვე თქვა უარი, რომელის მიხედვითაც ქვეყნის ყველაზე მაღალშემოსავლიან პირებს გადასახადები შეუმცირდებოდათ. 

ლიზ თრასი დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი და ქვეყნის პრემიერმინისტრი 5 სექტემბერს გახდა

კომენტარები