დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსეთის სამხედრო დაზვერვის, იგივე ГРУ-ს სამ ქვედანაყოფს და 18 სამხედრო თანამშრომელს. მიზეზად მრავალწლიანი კიბერბოროტმოქმედება სახელდება. ეს ჯგუფები დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის გარდა კიბერთავდასხმების ოპერაციას საქართველოს წინააღმდეგაც ასრულებდნენ.
დასანქცირებულ ქვედანაყოფენში მოხვდნენ: დანაყოფი 29155 (სპეციალისტთა მომზადების 161-ე ცენტრი), დანაყოფი 26165 (მთავარი სპეციალური სამსახურის 85-ე ცენტრი) და დანაყოფი 74455 (სპეციალური ტექნოლოგიების მთავარი ცენტრი).
ბრიტანეთის სამთავრობო ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ კიბერთავდასხმებში მონაწილეობდა დანაყოფი 74455, რომელიც ასევე ცნობილია APT44-ისა და Sandworm-ის სახელით. 2018 წელს ეს ჯგუფი თავს ესხმოდა ქართულ კომპანიებსა და სახელმწიფო დაწესებულებებს.
"დანაყოფმა 74455-მა შეასრულა ფართომასშტაბური დესტრუქციული კიბერთავდასხმები საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ასევე მაუწყებლებზე." - წერია ცნობაში და აღნიშნულია, რომ ბრიტანეთმა ამ თავდასხმებისა და დანაყოფი 74455-ის კავშირი 2019 წელს გამოავლინა.
ამას გარდა, ბრიტანეთის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრის ცნობით, ГРУ-ს თანამშრომლებმა შეიმუშავეს აქამდე უცნობი ჰაკერული პროგრამა, რომელიც მათ მსხვერპლის ელექტრონულ ფოსტაზე წვდომას აძლევდა.





