13 სექტემბერს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) ექვსი ბრიტანელი დიპლომატი ჯაშუშობაში დაადანაშაულა და მათი აკრედიტაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
ФСБ-ს მტკიცებით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებზე პასუხისმგებელი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა დეპარტამენტი ლონდონიდან კოორდინაციას უწევდა "პოლიტიკურ და სამხედრო ესკალაციას რუსეთში". ФСБ-ს ინფორმაციით გაძევებულ დიპლომატებს უკრაინის ომში რუსეთის სტრატეგიული დამარცხების უზრუნველყოფა ევალებოდათ და არსებობს ამის დამადასტურებელი საბუთებიც.
ექვსივე დიპლომატის ვინაობა და სურათები აჩვენეს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.
"ინგლისელებმა არ გაითვალისწინეს ჩვენი მინიშნებები ამ პრაქტიკის (რუსეთის შიგნით სადაზვერვო საქმიანობის განხორციელების) შეჩერების აუცილებლობასთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ექვსის გაძევება". - ФСБ -ს თანამშრომელმა სახელმწიფო ტელეარხის Rossiya-24-ს ეთერში.
ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის თქმით, ბრიტანეთს "არ სურს არანაირი კონფლიქტი რუსეთთან".
"რუსეთმა თავად დაიწყო ეს კონფლიქტი და უკანონოდ შეიჭრა უკრაინაში, რუსეთს შეუძლია დაუყოვნებლივ ამ კონფლიქტის დასრულება. უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და ჩვენ ამ უფლებას სრულიად ვუჭერთ მხარს. როგორც იცით, ჩვენ ვაწვდით უკრაინას წვრთნებისთვის საჭირო რესურსებს, მაგრამ ჩვენ არ ვცდილობთ რუსეთთან კონფლიქტის გამწვავებას - ეს არ არის ჩვენი მიზანი" - ამასთან დაკავშირებით სტარმერმა ჟურნალისტებთან, ვაშინგტონში გამგზავრებამდე ისაუბრა.