ლონდონის საუთუარკის სასამართლომ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ყოფილი ე.წ. გუბერნატორი, დმიტრი ოვსიანიკოვი სანქციების არიდებაში დამნაშავედ ცნო.
ოვსიანიკოვი დამნაშავედ ცნეს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებულ შვიდიდან ექვს მუხლში, რომლებიც 2023 წლის თებერვლიდან 2024 წლის იანვრამდე პერიოდში ხდებოდა.
როგორც გაერთიანებული სამეფოს პროკურატურა აღნიშნავს, ოვსიანიკოვის საქმე პირველი შემთხვევაა, როცა 2019 წელს სანქციების თავიდან არიდების წინააღმდეგ მიღებული კანონის ფარგლებში განიხილეს.
ოვსიანიკოვი 2024 წლის იანვარში, ლონდონში, საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალად ედება 2023 წლის თებერვალში, მიუხედავად სანქციებისა, Halifax Bank of Scotland-ში ანგარიშის გახსნა. ამ ანგარიშზე მისმა ცოლმა, ეკატერინამ, 76 ათასი ფუნტი სტერლინგი შეიტანა. ოვსიანიკოვმა ეს ფული Mercedes Benz GLC 300-ის დეპოზიტად შეიტანა. მას შემდეგ რაც ბანკმა აღმოაჩინა, რომ ოვსიანიკოვი სანქცირებულთა სიაში იყო, მისი ანგარიში გაყინეს.
დმიტრი ოვსიანიკოვი 2015-2016 და 2019-2020 წლებში იკავებდა რუსეთის ფედერაციის მრეწველობის მინისტრის პოსტს, 2016-2019 წლების შუალედში კი ანექსირებულ ყირიმზე მდებარე სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი იყო.
2017 წელს ოვსიანიკოვი ევროკავშირმა სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შექმნისთვის. 2022 წლის შემოთგომაზე, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, ყოფილმა ე.წ. გუბერნატორმა შეძლო, რომ ევროკავშირს მისთვის სანქციები მოეხსნა. ის ამბობდა, რომ დიდი ხანია, რაც სახელმწიფო თანამდებობას არ იკავებდა და სანქციები "რეალურ ზიანს" აყენებდა.
დიდმა ბრიტანეთმა ოვსიანიკოვს სანქციები 2020 წლის ბოლოს დაუწესა და მისი აქტივები გაყინეს. 2022 წლის მარტში ამ შეზღუდვებს დაემატა მინდობილობის მომსახურების აკრძალვაც.