დიდი ბრიტანეთი-რუსეთი

ლონდონში ანექსირებული სევასტოპოლის ყოფილი ე.წ. გუბერნატორი დააკავეს

დმიტრი ოვსიანიკოვი 

ლონდონში ანექსირებული სევასტოპოლის ყოფილი ე.წ. გუბერნატორი, დმიტრი ოვსიანიკოვი დააკავეს. მას ბრალი ედება სანქციების დარღვევასა და ფულის გათეთრებაში. ეს ცნობა თავდაპირველად ბრიტანულმა გამოცემა The Times-მა დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა.

სამართალდამცავებმა ოვსიანიკოვი გასულ კვირაში საკუთარ სახლში დააკავეს. ბრალად დასდეს, რომ Halifax Bank of Scotland-ის ბანკის ანგარიში გახსნა და საერთო ჯამში 65 000 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ოთხი გადარიცხვა შეასრულა. ამას გარდა, ბრალად ედება, რომ ნაღდი ფულის სახით ინახავდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ 77 500 ფუნტს. 

"ოვსიანიკოვი დიდ ბრიტანეთში სანქცირებული პირია, რაც ზღუდავს მის წვდომას ფულთან და ფინანსურ მომსახურებებთან". - წერს The Times-ი. 

ოვსიანიკოვი ლონდონის ერთ-ერთ ციხეშია და სასამართლოს წინაშე 20 თებერვალს წარდგება.

დმიტრი ოვსიანიკოვი 2015-2016 და 2019-2020 წლებში იკავებდა რუსეთის ფედერაციის მრეწველობის მინისტრის პოსტს, 2016-2019 წლების შუალედში კი ანექსირებულ ყირიმზე მდებარე სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი იყო.

2017 წელს ოვსიანიკოვი ევროკავშირმა სანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შექმნისთვის. 2022 წლის შემოთგომაზე, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, ყოფილმა ე.წ. გუბერნატორმა შეძლო, რომ ევროკავშირს მისთვის სანქციები მოეხსნა. ის ამბობდა, რომ დიდი ხანია, რაც სახელმწიფო თანამდებობას არ იკავებდა და სანქციები "რეალურ ზიანს" აყენებდა.

დიდმა ბრიტანეთმა ოვსიანიკოვს სანქციები 2020 წლის ბოლოს დაუწესა და მისი აქტივები გაყინეს. 2022 წლის მარტში ამ შეზღუდვებს დაემატა მინდობილობის მომსახურების აკრძალვაც.

კომენტარები