რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: რუსი პატიმრები, რომლებიც ჯარში გაიწვიეს, ომიდან გარბიან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ჯარში გაწვეული რუსი პატიმრები უკრაინაში ომიდან გარბიან და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაბრუნების გზებს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია გენშტაბის ფეისბუქის გვერდზე ვრცელდება.

"პატიმრების ხარჯზე რუსეთის საოკუპაციო ჯარის დანაკარგების შევსებამ ხელმძღვანელებს დამატებითი პრობლემები შეუქმნა. ჯარში გაწვეული სამხედროები, მას შემდეგ, რაც მათ იარაღს აძლევენ, ქვედანაყოფებს ტოვებენ და რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნების შესაძლებლობას ეძებენ. არსებული ინფორმაციით, 17 ოქტომბერს ხერსონში, საბრძოლო მასალის საწყობზე მიტანილი იერიშის შემდეგ, ქვედანაყოფის ნაწილი, რომელსაც ობიექტის დაცვა ებარა, დაშავდა, დანარჩენებმა კი გაქცევა მოახერხეს. რუსეთის ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები კი დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფებთან ბრძოლის სახით, დეზერტირებს ეძებენ". - წერია გენშტაბის განცხადებაში.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის გუნდმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც, მათი მტკიცებით, ჩანს რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის სავარაუდო დამფინანსებელი, რუსი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი.

ნავალნის ჯგუფის თქმით, პირი, რომელიც, სავარაუდოდ, პრიგოჟინია, რუსეთის მარი-ელის რესპუბლიკაში მდებარე ერთ-ერთ კოლონიაში პატიმრებს ვაგნერის ჯგუფში ჩასაწერად და უკრაინაში საბრძოლველად იბირებს.

ვიდეოჩანაწერში მოსაუბრე პატიმრებს ვაგნერში მსახურების წესებს უხსნის. მისი თქმით, აკრძალულია დეზერტირობა, ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარება, მაროდიორობა, ადგილობრივებთან "სექსუალურ კონტაქტში შესვლის" ჩათვლით. 

პატიმრების გადმომბირებელი ჩანაწერში ამბობს, რომ მინიმალური ასაკი, ვისაც მიიღებენ, 22 წელია, მაქსიმალური კი – 50. 22 წელზე უმცროსებს დასჭირდებათ თანხმობის საბუთი ნათესავებისგან. მისივე თქმით, თუ ვაგნერში გაწევრიანების მსურველი 50 წელს არის გადაცილებული, მაგრამ ძლიერია, ადგილზე ჩაუტარებენ ტესტირებას. 

პირი, რომელიც, სავარაუდოდ, პრიგოჟინია, ასევე საუბრობს საკუთარ ჯგუფში პატიმრების გამოყენების პირველ შემთხვევაზე. 

სავარაუდოდ, პრიგოჟინის სიტყვების მიხედვით, პატიმრები ვაგნერის ჯგუფთან ნახევარწლიან კონტრაქტს აფორმებენ, ფრონტიდან უკან დაბრუნება არ შეუძლიათ. ნახევარი წლის შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, შეეძლებათ კერძო სამხედრო კომპანიაში დარჩენა. ნახევარი წელში პატიმრებს სახლში დაბრუნება შეეძლებათ და შეწყალებულ იქნებიან მისჯილი სასჯელისგან.

 

კომენტარები