თავისუფლების ინსტიტუტი

12 ოქტომბერს ე.წ. ბოჩოლების საქმეზე საკონსტიტუციოში არსებითი განხილვა გაიმართება

Atom Mother Heart 

12 ოქტომბერს, 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა ე.წ. ბოჩოლების საქმეზე – ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

თავისუფლების ინსტიტუტის კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმა კრძალავს 110 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მდედრი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტს. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვის გამო, ისინი ვეღარ ახერხებენ იმ მდედრი მსხვილფეხა ცოცხალი საქონლის ექსპორტს, რომელთა მასაც არ აღემატება 110 კგ-ს, რის გამოც მათ ფინანსური ზიანი ადგებათ.

თავისუფლების ინსტიტუტს მიაჩნია, რომ მთავრობის რეგულაციის შედეგად მცირე ფერმერებს ეზღუდებათ მათი არსებობისათვის აუცილებელი საკუთრების განკარგვა და თავისუფალი მეწარმეობა. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ექსპორტზე საქონლის გატანის შეზღუდვით მცირე ფერმერებს სადავო რეგულაციამ გასაღების ბაზარი შეუმცირა, რის შედეგადაც, მათ საქონელზე მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასიც დავარდა. 

თავისუფლების ინსტიტუტის ცნობით, გარდა შინაარსობრივი საკითხებისა, სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს ფორმალურ მოთხოვნასაც – კერძოდ, პარლამენტს მთავრობისთვის არ გადაუცია სადავო ნორმაში მოცემული საკითხის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით მოწესრიგების უფლებამოსილება.

25 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისუფლების ინსტიტუტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ე.წ. ბოჩოლების საქმით პლენუმმა აქამდე დამკვიდრებული პრაქტიკა შეცვალა, რომლის მიხედვითაც სადავო ნორმის გაუქმება ავტომატურად საქმის შეწყვეტას ნიშნავდა. შესაბამისად, ე.წ. ბოჩოლების საქმე საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო.

იურისტი გვანცა კვარაცხელია მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის ცვლილება სახელმწიფოს ქმედებებზე გავლენას მოახდენს და მათ საქმეებზე მანიპულაციის საშუალება აღარ ექნებათ. მან აგრეთვე თქვა, რომ ერთი და იგივე შუამდგომლობით სასამართლოს ორჯერ მიმართეს.

"მიგვაჩნია, რომ ასეთი ცვლილება თავისთავად მოახდენს ზეგავლენას სახელმწიფოს ქმედებებზე. თუ მათ აქამდე მანიპულაციის საშუალება ჰქონდათ და საქმეებს მარტივად წყვეტდნენ, უბრალოდ წერტილისა და მძიმის გადაადგილებით, ახლა უკვე ამას მნიშვნელობა აღარ ექნება და ისინი ნაკლებად შეწუხდებიან ტექნიკური ცვლილებით მოსარჩელეების საქმეების შეწყვეტაზე. ჩვენ ორჯერ მივმართეთ შუამდგომლობით, ერთხელ 2021 წლის 21 აპრილს და მეორედ 2022 წლის 4 ივლისს. ანუ ორჯერ მივმართეთ ერთი და იგივე შუამდგომლობით, რომ ეს პრაქტიკა შეეცვალათ. და თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამაც, რომლის დადგენილებასაც ჩვენ ვასაჩივრებთ, ეს ნორმა ორჯერ შეცვალა. ერთხელ რომ შეცვალა, დადგენილებას უბრალოდ ნომერი შეუცვალა, მეორეჯერ რომ შეცვალა, ნორმაში 140 კგ იყო მითითებული და უბრალოდ 110 კგ გახადა. ანუ ასეთი ტექნიკური ცვლილებით უბრალოდ შეეძლო, რომ ჩვენი საქმე შეეწყვიტა. ამ შუამდგომლობების საფუძველზე კი საკონსტიტუციო სასამართლომ შეცვალა აქამდე დამკვიდრებული პრაქტიკა". – ამბობს გვანცა კვარაცხელია

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დავის საკანონმდებლო საგანია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის №147 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

კომენტარები