თავისუფლების ინსტიტუტი საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადება ეხმაურება და წერს, რომ შპს გეორგიასთან გაფორმებული ხელშეკრულების სტატუსი შესყიდვების საიტზე ამ დრომდე მიმდინარეა და არსად იძებნება ინფორმაცია, მისი შეწყვეტის შესახებ.
"შეგახსენებთ, საქართველოს რკინიგზამ ქართული ოცნების შემომწირველი ძიძიკაშვილის კომპანიის გავლით "ურალსკიე ლოკომოტივის" 10 ლოკომოტივი 216 მილიონ ლარად შეიძინა. ხელშეკრულება გააფორმეს 2023 წლის 25 დეკემბერს. "ურალსკიე ლოკომოტივი" საკუთრებაშია "სინარა - სატრანსპორტო მანქანების", რომელიც დაკავშირებულია რუს სანქცირებულ მილიარდერთან დიმიტრი პუმპიანსკისთან.
საქართველოს რკინიგზა უსინდისოდ იქცევა, როცა სიცრუის გავრცელებაში გვდებს ბრალს.
ამ დრომდე საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების საიტზე შპს “გეორგიასთან” გაფორმებული ხელშეკრულების სტატუსია მიმდინარე. ამასთან, საჯაროდ არსად აუტვირთავთ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი, სადაც მითითებული იქნება კომისიის გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს რკინიგზას ევალება, ხელშეკრულების შეწყვეტის ინფორმაცია გამოაქვეყნოს შესყიდვების გვერდზე, ატვირთოს სხდომის ოქმი, განმარტოს ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, თუ ამის საფუძველი არსებობს კომპანია შავ სიაშიც შეიყვანოს." - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.
მათივე განცხადებით, მათ საქართველოს რკინიგზასთან დამატებითი კითხვები აქვთ:
"რატომ არავინ შეამოწმა რუსული ქარხანა 2023 წლის 25 დეკემბერს ხელშეკრულების გაფორმებამდე? 216 მილიონ ლარის ღირებულების კონტრაქტი როგორ ფორმდება მოკვლევის გარეშე? 2024 წლის აგვისტოში თავისუფლების ინსტიტუტის მიერ საჯაროდ ამბის ატეხამდე რატომ არ გამოქვეყნდა კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია?
მივესალმებით, საქართველოს რკინიგზა თუ მართლაც გაწყვეტს ამ სამარცხვინო ხელშეკრულებას და სახელმწიფოს თანხა არ მოხმარდება კრემლთან დაახლოებულ სანქცირებულ ოლიგარქებს. თუმცა, ოფიციალური ოქმის ატვირთვამდე, მათი განცხადება თავის მართლება და პასუხისმგებლობის აცილების მცდელობაა." - წერია თავისუფლების ინსტიტუტის განცხადებაში.
20 აგვისტოს, თავისუფლების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითა საქართველოს რკინიგზამ რუსულ ლოკომოტივებში 216 მილიონი ლარი გადაიხადა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს ბიუჯეტიდან 80 519 105 დოლარი შპს გეორგიას გადაეცა, რომელმაც 10 ცალი ლოკომოტივი რუსული ქარხნის სააქციო საზოგადოება ურალსკიე ლოკომოტივისგან (ООО Уральские локомотивы) შეიძინა.
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 21 აგვისტოს საქართველოს რკინიგზა გამოეხმაურა და მსგავსი სტატიის გამოქვეყნებას "მიზანმიმართული დისკრედიტაცია" უწოდეს.