თავისუფლების ინსტიტუტი

TTC 439 000 ლარის სალიანდაგო ზედნაშენს რუსული კომპანიებისგან ყიდულობს - Liberty Institute

თავისუფლების ინსტიტუტი

თავისუფლების ინსტიტუტის (Liberty Institute) ინფორმაციით, შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია რუსული პროდუქციის ყიდვას განაგრძობს და ამჯერად 439 000 ლარის ღირებულების სალიანდაგო ზედნაშენს 6 რუსული კომპანიისგან, მათ შორის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სააქციო საზოგადოება "სევერსტალის" შვილობილი "სევერსტალ-მეტიზისგან", ტენდერში გამარჯვებული შპს ბეთანის გავლით ყიდულობს. 

"შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" და შპს "ბეთანი" მეთოდს არ ცვლიან და ახალ 2024 წლის ტენდერსაც იდენტურად ასრულებენ. მიმწოდებელმა კომპანიამ 439 000 ლარის სალიანდაგო ზედნაშენი შეიძინა ექვსი რუსული კომპანიისგან.

კომპანიების ჩამონათვალი:

ღია სააქციო საზოგადოება "სევერსტალ-მეტიზი" (ОАО Северсталь-метиз)

შპს "ტეხნოსტროი" (ООО Технострой)

შპს სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება "გამოყენებითი პერსპექტიული ტექნოლოგიები აპატეკი" ООО НПП «ПРИКЛАДНЫЕ ПЕРСПЕКТИВНЫЕ ТЕХНОЛОГИИ - АпАТэК»

სააქციო საზოგადოება "ლიტმაშდეტალი" АО ЛИТМАШДЕТАЛЬ

შპს "პოლიპასტი" (ООО Полипласт)

შპს მილების ინდუსტრიის კომპანია - "მეტიზის ალიანსი" (ООО ТПК МЕТИЗНЫЙ АЛЬЯНС)

კომპანიებს შორისაა ღია სააქციო საზოგადოება "სევერსტალ-მეტიზი" (ОАО Северсталь-метиз) შვილობილი კომპანიაა სააქციო საზოგადოება სევერსტალის (Северсталь), რომელიც 2022 წლის მარტში დაასანქცირა ამერიკამ და ბრიტანეთმა. ასევე სანქციების ქვეშაა კომპანიის მფლობელი ალექსეი მორდაშოვი, რომელიც სანქციების სიაში მოხვდა უკრაინაში რუსეთის ომის ხელშეწყობის გამო" - წერია თავისუფლების ინსტიტუტის განცხადებაში.

ორგანიზაციის რელიზში ასევე აღნიშნულია, რომ როგორც ექვსივე რუსულმა კომპანიამ საგარანტიო წერილში მიუთითა, პროდუქცია შპს თბილისი სატრანსპორტო კომპანიისთვისაა განკუთვნილი და არა შპს ბეთანისთვის

"გამოდის, რომ შპს "ბეთანი" მხოლოდ საბუთების მიმტან-მომტანის ფორმალურ ფუნქციას ასრულებს, რეალურად კი რუსულ კომპანიასა და ქართულ სახელმწიფოს შორის პირდაპირი თანამშრომლობა ხდება" - წერია რელიზში.

ცნობისთვის, 20 აგვისტოს, თავისუფლების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს რკინიგზამ რუსულ ლოკომოტივებში 216 მილიონი ლარი გადაიხადა. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს ბიუჯეტიდან 80 519 105 დოლარი შპს გეორგიას გადაეცა, რომელმაც 10 ცალი ლოკომოტივი რუსული ქარხნის სააქციო საზოგადოება ურალსკიე ლოკომოტივისგან (ООО Уральские локомотивы) შეიძინა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 21 აგვისტოს საქართველოს რკინიგზა გამოეხმაურა და სტატიის გამოქვეყნებას "მიზანმიმართული დისკრედიტაცია" უწოდა.

კომენტარები