თავისუფლების ინსტიტუტის (Liberty Institute) ცნობით, საქართველოს რკინიგზამ რუსულ ლოკომოტივებში 216 მილიონი ლარი გადაიხადა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს ბიუჯეტიდან 80 519 105 დოლარი შპს გეორგიას გადაეცა, რომელმაც 10 ცალი ლოკომოტივი რუსული ქარხნის სააქციო საზოგადოება ურალსკიე ლოკომოტივისგან (ООО Уральские локомотивы) შეიძინა.
“ურალსკიე ლოკომოტივის ქარხანა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ყურადღებითაც განებივრებულია. 2024 წლის 15 თებერვალს პუტინმა ქარხანა პირადად მოინახულა, დაათვალიერა და ელექტრო ლოკომოტივებს გაეცნო. ასევე, ქარხანასთან დაკავშირებულია რუსი სანქცირებული მილიარდერი, დიმიტრი ალექსანდროვიჩ პუმპიანსკი.
2023 წლის ნოემბერში საქართველოს რკინიგზამ მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლებისა და თანმდევი მომსახურების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც მხოლოდ ერთი კომპანია - შპს გეორგია მონაწილეობდა, რომელსაც რუსული პროდუქცია შემოაქვს.
შპს გეორგიას მფლობელი დაკავშირებულია ქართულ ოცნებასთან და მმართველი პარტიის დამფინანსებელია. კომპანიის 100%-იან წილს კი გელა ძიძიკაშვილი ფლობს, რომელმაც 2017 წელს, თვითმართველობის არჩევნების წინ, ქართულ ოცნებას 40 000 ლარი შესწირა.
ასევე საყურადღებოა, რომ ტენდერის გამოცხადებისას, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საჯაროდ გამოეხმაურა ნოვოჩერკასკის ელექტრო ლოკომოტივის ქარხანა (Новочеркасский электровозостроительный завод (НЭВЗ), რომელმაც ითხოვა განმარტება, რამდენად არის შესაძლებელი ანგარიშსწორება აშშ დოლარის გარდა სხვა ვალუტაში, მაგალითად, რუსულ რუბლში მოხდეს. როგორც ჩანს, ტენდერში მონაწილეობას ნოვოჩერკასის ქარხანაც აპირებდა. რკინიგზამ პასუხი 7 დღის შემდეგ გასცა, რომ დოკუმენტაციით ეხელმძღვანელათ. სამწუხაროდ, სახელმწიფო საწარმოები კვლავ აცხადებენ ტენდერებს ისეთი პირობებით, რომ რუსულ კომპანიებს სხვადასხვა გზით მონაწილეობის საშუალება ეძლევათ.
2010 წელს კომპანია ურალსკიე ლოკომოტივი ორი კომპანიის - გერმანული Siemens AG-ისა და რუსული სააქციო საზოგადოება სინარას - სატრანსპორტო მანქანების (ОАО «Синара – Транспортные машины”) ერთობლივ საწარმოდ ჩამოყალიბდა. 2022 წლის მაისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, გერმანულმა მხარემ კომპანია დატოვა. Siemens AG-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, რონალდ ბუშმა განაცხადა: "170 წლის შემდეგ რუსეთის ბაზრის დატოვება იოლი გადაწყვეტილება არ იყო, რადგან კომპანია ანგარიშვალდებულია ქვეყნის შიგნით თანამშრომლებთან და ქვეყნის გარეთ მუდმივ კლიენტებთან. 2023 წელს გერმანულმა კომპანიამ რუსული ბაზრიდან გასვლის გამო ზარალის ანაზღაურება მოითხოვა 1,01 მილიარდი რუბლის ოდენობით. რუსეთის საარბიტრაჟო სასამართლოში პროცესი კვლავ მიმდინარეობს.
2022 წლიდან სინარა - სატრანსპორტო მანქანებმა, სრული კონტროლი აიღეს ურალსკიე ლოკომოტივზე. სინარა - სატრანსპორტო მანქანების (ОАО «Синара – Транспортные машины”) მფლობელი რუსი სანქცირებული მილიარდერი, დიმიტრი ალექსანდროვიჩ პუმპიანსკია. ის 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა.
2017 წელს კი კონგრესში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამერიკის სახაზინო დეპარტამენტი დაასანქცირებდა რუსეთის ფედერაციის მაღალი რანგის საგარეო პოლიტიკის მოღვაწეებსა და ოლიგარქებს, რადგან ისინი ზემოქმედებდნენ აშშ-ს ძირითად ეკონომიკურ სექტორზე, ეწეოდნენ არასტაბილურ საქმიანობას და აზიანებდნენ. პუმპიანსკი 2017 წლიდან ე.წ. 96 „ოლიგარქის“ სიაშია, როგორც ამერიკის მოწინააღმდეგე. 2014 წლის 31 ივლისს პუტინმა პუმპიანსკი დააჯილდოვა მე-4 ხარისხის ორდენით "სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის".
პუმპიანსკიმ 2022 წელს, დასანქცირების შემდეგ, სინარა - სატრანსპორტო მანქანების კომპანიის თანამდებობა და დირექტორთა საბჭო დატოვა. სავარაუდოა, რომ ეს მხოლოდ ფორმალური აქტი იყო და მიზნად ისახავდა მილიარდიანი კომპანიისთვის სანქციების არიდებას.
უკრაინაში დაწყებული ომის გამო რუსული კომპანიები გათიშულია ბანკთაშორისი საერთაშორისო კომუნიკაციის სისტემიდან (SWIFT), ამდენად, სანქციების გვერდის ავლისთვის შუამავალი კომპანიები გამოიყენება. რუსულმა კომპანიამ ურალსკიე ლოკომოტივმა ხეირი ნახა საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში ჩართული შუამავალი ქართული კომპანიისგან, შპს გეორგიასგან, რომელსაც საქართველოს რკინიგზის დაკვეთით გადადავუხადეთ 216 942 625 ლარი და რომელმაც პროდუქცია სწორედ ურალსკიე ლოკომოტივისგან შეიძინა. ასეთი შემთხვევები ცხადყოფს, რომ საქართველოს საბიუჯეტო სახსრები ოკუპანტი ქვეყნის კომპანიებში ხვდება, რაც მარტო მორალურად არასწორი ან მიუღებელი კი არ არის, არამედ ქვეყანას უსაფრთხოების გამოწვევებსაც უზრდის და შარში ხვევს". - წერია თავისუფლების ინსტიტუტის განცხადებაში.