გელათის სამონასტრო კომპლექსი

გელათის მეთორმეტე საუკუნის ღვთისმშობლის მოზაიკა დაზიანდა – ვაჩეიშვილი

კულტურის ყოფილი მინისტრის, ნიკა ვაჩეიშვილის თქმით, გელათში მეთორმეტე საუკუნის ღვთისმშობლის მოზაიკა დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვაჩეიშვილი Facebook-ზე წერს - პოსტს თან ახლავს ფოტოები, სადაც ღვთისმშობლის დაზიანებულ მოზაიკას ვხედავთ. 

"დავით აღმაშენებლის დროს გაწყობილ ღმრთისმშობლის მოზაიკაზე დაიწყო ზედაპირის ცვენის პროცესი. ტაძარში ჩასული წყალმა მოაძრო წმინდა მარიამის თვალთან მონაკვეთი. ეს ყველაზე სუსტი ადგილი იყო მოზაიკაზე, ადრე ტონირებული, ამიტომაც ჯერ ის ჩამოვარდა", - წერს ვაჩეიშვილი.

ყოფილი მინისტრი საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს. 

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას. უწყების ცნობით, მოზაიკის მთელი ქვედა ნაწილი და ღვთისმშობლის სახის ნაწილი დაზიანდა მე-16 საუკუნემდე. მე-16 საუკუნეში კი აღადგინეს ფრესკული ტექნიკით.

"უფრო ზოგადად, ძირითადი ტაძრის საკურთხეველში, სადაც მოზაიკაა განთავსებული, მონასტერში 2020 წლამდე შექმნილი მძიმე ვითარების პერიოდშიც კი, წყალი არ ჩასულა. ამასთან, 2021 წელს, საკურთხეველში კედლის მხატვრობისა და მოზაიკის მონიტორინგმა დაზიანებები არ გამოავლინა, რის შემდეგაც, რელიგიური მსახურებისათვის ხელშეშლის თავიდან აცილების მიზნით, ხარაჩოები საკურთხევლიდან დროებით იქნა მოხსნილი", - ვკითხულობთ სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

გელათის მონასტრის რეაბილიტაცია უკვე წლებია მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი გასულ წელს იტყობინებოდა, რომ გელათის მონასტრის ცუდად გადახურვაში 2015-20 წლებში ₾1 453 000 დაიხარჯა.

2021 წელს ტაძრის რესტავრაციის პროცესის დასრულების შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ უწყების მხრიდან ზედამხედველობა არაეფექტიანად მიმდინარეობდა, ამაზე, მათი თქმით, ისიც მიუთითებდა, რომ დროებითი ღონისძიებების განხორციელებიდან სულ რაღაც რამდენიმე კვირაში სახურავი ისევ დაზიანდა.

გელათის დაზიანებას გამოეხმაურა UNESCO-ც. ორგანიზაციის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ კომპლექსის გადახურვის სარესტავრაციო სამუშაოების წარუმატებლობა და მის მიერ მიყენებული ზიანი, რომელიც ამჟამადაც გრძელდება, გელათის ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ეკლესიებში იწვევს სამშენებლო ქვის, მათში არსებული მოზაიკისა და კედლის მხატვრობის დაზიანებას. 

კომენტარები