გელათის სამონასტრო კომპლექსი

გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესწავლისთვის ევროპელებმა აუდიტის სამსახურს მიმართეს

ბესიკ დონაძე
IPN

გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესწავლის მიზნით ევროპული საქართველოს წევრებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართეს. როგორც პარტიის წევრი, ბესიკ დონაძე ამბობს, სამონასტრო კომპლექსი მხოლოდ ფურცელზეა აღდგენილი და აუდიტის სამსახურმა უნდა გამოავლინოს თანამდებობის ის პირები, რომლებიც საკითხზე იყვნენ პასუხისმგებელი.  

"მივმართეთ აუდიტის სამსახურს, რათა შეისწავლოს გელათის საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რადგან ჩვენ მიერ საჯარო სივრცეში მოძიებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ფურცელზე გელათის სამონასტრო კომპლექსი აღდგენილია, ოღონდ ეს რეალობას არ შეესაბამება.   

აუდიტმა უნდა შეისწავლოს, გამოავლინოს ის თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ ამ საკითხზე - როგორც კულტურის სამინისტროს, ასევე მემკვიდრეობის სააგენტოს და შემდეგ, სისხლის სამართლის დანაშაულის შემთხვევაში, გადაეგზავნოს საქმე პროკურატურას და დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც სარეაბილიტაციო სამუშაოებში დაუშვეს ძალიან ბევრი შეცდომა, ფაქტობრივად, გაანადგურეს მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლი". - ამბობს ბესიკ დონაძე.

31 იანვარს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა დასკვნა გელათის მოხატული ტაძრების კონსერვაციის პრობლემებზე. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ სამონასტრო კომპლექსში სამუშაოები არასრულფასოვნად მიმდინარეობს და მისი მართვის ხარისხი თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებისგან შორს არის. 

"გადაწყვეტილებებისა და შეფასების პროცესიდან სამეცნიერო კომპონენტის გათიშვა, ერთიანი გეგმის, ვითარების გააზრების და მწყობრი მეთოდოლოგიის გარეშე, მწირი კვლევითი და საანგარიშო დოკუმენტაციით წარმართული ფიზიკური სამუშაოები ცხადად აჩვენებს, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის "გელათის მონასტერი" მართვის ხარისხი შორს არის თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებისგან". – წერია დასკვნაში.

დასკვნაში ასევე ხაზგასმულია ის შეცდომები, რომლებმაც მონასტრის მოხატულობის დაზიანების პროცესს ხელი შეუწყო. 

"მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის მხატვრობის არასწორი კონსერვაცია, რომელსაც მოხატულობის დაზიანების პროცესის აქტივიზაცია მოყვა და თვითნებური ტონირება-რესტავრაცია, რომელიც მხატვრობის ავთენტურობის დარღვევას წარმოადგენს, სცილდება პროფესიულ ეთიკისა და საერთაშორისო სტანდარტების ნორმებს". – ვკითხულობთ დასკვნაში.  

დასკვნა გააკრიტიკა კულტურის სამინისტრომ - მათი განცხადებით, დასკვნა შორს არის მეცნიერული დასკვნისგან და მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გახდა, კვლევითი ცენტრის მეცნიერთა "ვიწრო ჯგუფი ხანგამოშვებით პოლიტიკურ ნიადაგზე უპირისპირდება სამინისტროსა და მის ხელმძღვანელობას და, სამწუხაროდ, ამ მიზნისათვის სისტემატურად იყენებს გელათის სამონასტრო კომპლექსში 2008-2020 წლებში შექმნილ ვითარება".  

კულტურის სამინისტროს უპასუხა საქართველოს საპატრიარქომ - მათი განცხადებით, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დასკვნა მათი თხოვნით არის შესრულებული და ის არანაირი პოლიტიკური ნიშნით არ არის დაწერილი. 

კომენტარები