გელათის კომპლექსი

ომბუდსმენი გელათზე: უწყების მხრიდან ზედამხედველობა არაეფექტიანად მიმდინარეობდა

Marcin Konsek / Wikimedia Commons

საქართველოს სახალხო დამცველი გელათის ტაძრის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პირველად შეფასებას ავრცელებს. ომბუდსმენის ცნობით, ტაძრის რესტავრაციის პროცესში პასუხისმგებელი უწყების მხრიდან ზედამხედველობა არაეფექტიანად მიმდინარეობდა, ამაზე ის მიუთითებს, რომ დროებითი ღონისძიებების განხორციელებიდან სულ რაღაც რამდენიმე კვირაში ცნობილი გახდა დროებითი გადახურვის დაზიანების თაობაზე.

სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ გელათის რეაბილიტაციის პროცესში, დროებითი გადახურვისთვის გამოყენებული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა , რაც, ექსპერტთა განმარტებით, ამ დრომდე იწვევს უნიკალური ფრესკების დაზიანებას.

სახალხო დამცველმა გამოკვეთა შემდეგი პრობლემური საკითხები:

  • მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის დასაწყისში ძეგლზე უკვე არსებობდა დაზიანებები, თითქმის 10 თვით დაგვიანდა დროებითი გადახურვის გაკეთება;
  • დროებითი ღონისძიებების განხორციელებიდან სულ რაღაც რამდენიმე კვირაში ცნობილი გახდა დროებითი გადახურვის დაზიანების თაობაზე. აღნიშნული მიუთითებს თუ რამდენად არაეფექტურად მიმდინარეობდა პასუხისმგებელი უწყების მხრიდან ძეგლზე განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმარება და ზედამხედველობა;

"საკითხის შესწავლის დროს გამოვლინდა ასევე სისტემური ხასიათის პრობლემა. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე ჩატარებული სამუშაოების ეტაპობრივი ჩაბარების დროს შესრულებული სამუშაოების ხარისხის საექსპერტო დასკვნის გზით შეფასების ვალდებულებას. აღნიშნული დიდ საფრთხეს უქმნის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციის სწორად წარმართვის პროცესს". – ნათქვამია განცხადებაში.

ომბუდსმენის ცნობით, სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გელათის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაგეგმილია რიგი ღონისძიებებისა, რომელთა ფარგლებშიც სახალხო დამცველი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს რეკომენდაციით:

  • გელათის შეუქცევადი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, დაგეგმილი სამუშაოები განხორციელდეს იმგვარად, რომ ხელი არ შეუშალოს დაზიანების გამომწვევი ზუსტი მიზეზების დადგენის მიზნით ჩასატარებელ კვლევებს;
  • როგორც გამოვლენილი ხარვეზების მიზეზების დადგენის, ასევე სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვისას უზრუნველყოფილ იქნეს კვალიფიციური, დამოუკიდებელი საერთაშორისო/ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობა;
  • საზოგადოებას სისტემატურად მიეწოდოს სრული ინფორმაცია არსებულ პრობლემებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გელათის სამონასტრო კომპლექსზე ამბობენ, რომ პრობლემები დროებითია და 2021 წლისთვის გამოსწორდება. მათი ცნობით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ტაძრის დასავლეთ მკლავში ჩამდინარე წყალი იყო. პრობლემის მიზეზი დაზიანებული ისტორიული სახურავია. სააგენტოს ინფორმაციით, დაზიანება გვხვდება როგორც ორიგინალ ტექნოლოგიაზე, ისე ისტორიულ შეკეთებებზე. პრობლემებს შორისაა ტაძრის შიგნით ფერწერული ფენის გაფხვიერებაც, რომლის მიზეზიც კვლავ ტაძრის დაზიანებულ ნაწილებში შეღწეული წყალია. სააგენტოს რეაბილიტაციის სამსახურის სპეციალისტის, მარიამ საღარაძის თქმით, ფერწერული ნიმუშების შემთხვევაში პროცესი უკვე შრობისკენაა წასული. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე გელათის სახურავებზე დამონტაჟებულ კონსტრუქციებს დროებითს უწოდებს და ამბობს, რომ შესაბამისი "ხარისხიანი" კრამიტი კომპანიას უკვე შეკვეთილი აქვს. 

გელათის რესტავრაციის პროექტის ავტორის, კახა ტრაპაიძის თქმით, ტაძრის პრობლემების აღმოფხვრა შესაძლებელია. მისივე თქმით, პროექტი ყველა ბიუროკრატიულ დონეზე შეთანხმებული იყო და ის ზუსტად იმ მეთოდოლოგიითაა შესრულებული, რომლითაც სხვა ტაძრები.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც გელათის კომპლექსის პრობლემებთან დაკავშირებით სამინისტროს განცხადებით მიმართეს, ამბობენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ეს შეფასებები საკუთარი თავის გადარჩენისთვის გაჩაღებული ომია.

გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ორგანიზაციების წამოწყებისა და მოწოდებების შესახებ ვრცლად იხილეთ აქ.

კომენტარები