გელათის სამონასტრო კომპლექსი

წულუკიანი: გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის პროცესს საპატრიარქო გადაიბარებს

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის პროცესს საქართველოს საპატრიარქო გადაიბარებს და სათავეში ჩაუდგება. კულტურის სამინისტრო კი იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც გელათის რეაბილიტაციისთვის თავად უნდა დაეხარჯა, სწორედ საქართველოს საპატრიარქოს გადასცემს. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. ჩვენი დისკუსიას იმ პრობლემებს დავაფუძნეთ, რომლის აღმოფხვრაც  ჩემი მინისტრობის დროს, გელათის სამონასტრო კომპლექსში ძალიან აქტიურად დაიწყო. შევთანხმდით შემდეგზე, რომ საქართველოს საპატრიარქო იზიარებს ჩემს ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემების აღმოფხვრის პროცესს, კონსერვაციის პროცესსა და რესტავრაციის პროცესს, როცა ამის დრო დადგება, როგორც კედლის მხატვრობაზე, ასევე გადახურვაზე, სრულად სათავეში საქართველოს საპატრიარქო ჩაუდგეს და სამინისტრო ამ პროცესში წამყვანი აღარ იყოს. სამინისტრო იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც თავად უნდა დაეხარჯა, გადასცემს საქართველოს საპატრიარქოს და ის ამ ფინანსური რესურსით შეძლებს, წარმართოს პრობლემების აღმოფხვრის პროცესი, როგორც ძირითადი ტაძრის შიგნით და გარშემო, ასევე, სხვა კომპლექსის კომპონენტებთან დაკავშირებით. ვინაიდან, იქ არაერთი სხვა პრობლემაც არის, რომლების მოგვარების პროცესი ჩვენ დაწყებული გვქონდა და ამ პრობლემების მოგვარებას გააგრძელებს საქართველოს საპატრიარქო". - თქვა წულუკიანმა.

წულუკიანის განცხადებით, იმ ლოჯისტიკურ საშუალებებს, რაც გელათის რესტავრაციისთვის იქნება საჭირო, კულტურის სამინისტრო საპატრიარქოს ასევე უსასყიდლოდ გადასცემს

"ჩვენ ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ ის ლოჯისტიკური საშუალებები, რაც ამ პროცესის განსახორციელებლად მათთვის საჭირო იქნება, მაგალითისთვის, ის მაღალი სტანდარტის და სიცოცხლისთვის უსაფრთხო, დაახლოებით 900 ათასი ლარის ღირებულების ხარაჩოები, რომლებიც 2021 წლის დეკემბერში შევიძინეთ, ჩვენ მიერ ასევე უსასყიდლო სარგებლობაში გადაეცემა საქართველოს საპატრიარქოს და რასაკვირველია, ისინი სწორედ ამის წყალობით შეძლებენ, რომ იქ კონსერვაციის სამუშაო სრულფასოვნად წარიმართოს. ასევე, შევთანხმდით, რომ დისკუსიის პლატფორმა და ფორმატი იქნება საქართველოს საპატრიარქოში, მათი თაოსნობით. სწორედ იქ შეეძლება ყველა ხელოვნებათმცოდნეს, პროფესიონალს მონაწილეობის საშუალება და იმედი მაქვს, პოლიტიკისგან დაცლილ დისკუსიაში მიიღებენ მონაწილეობას. გასაგებია, რომ საქართველოს საპატრიარქოში პოლიტიკურ ელემენტს ვერავინ შეიტანს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი იქნება სამომავლოდ ძეგლის ინტერესიდან გამომდინარე. ასე განაწილდა პასუხისმგებლობები. მინდა, ჩვენს ეკლესიას, რომლის შვილებიც ვართ ყველანი, გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის პროცესში დიდი წარმატებები ვუსურვო". - თქვა წულუკიანმა.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გელათის ტაძართან და მასზე მომუშავე ჯგუფთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამინდელი კრიზისი 2015-19 წლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგია. საპატრიარქო ხაზს უსვამს, რომ მაშინ ტაძარი არასწორი მეთოდოლოგიითა და უხარისხო მასალით გადახურეს, რასაც შემდეგში შენობაში წყლის ჩადინება მოჰყვა.

განცხადებაში მკაფიოდ წერია, რომ საპატრიარქოსთვის გაუგებარია "კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება".

განცხადება მდგომარეობას კრიტიკულს უწოდებს და ხაზს უსვამს მომუშავე ჯგუფის უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით ჩანაცვლების აუცილებლობას.


31 იანვარს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა დასკვნა გელათის მოხატული ტაძრების კონსერვაციის პრობლემებზე. 

დასკვნაში ნათქვამია, რომ სამონასტრო კომპლექსში სამუშაოები არასრულფასოვნად მიმდინარეობს და მისი მართვის ხარისხი თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებისგან შორს არის. 

"გადაწყვეტილებებისა და შეფასების პროცესიდან სამეცნიერო კომპონენტის გათიშვა, ერთიანი გეგმის, ვითარების გააზრების და მწყობრი მეთოდოლოგიის გარეშე, მწირი კვლევითი და საანგარიშო დოკუმენტაციით წარმართული ფიზიკური სამუშაოები ცხადად აჩვენებს, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის "გელათის მონასტერი" მართვის ხარისხი შორს არის თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებისგან". – წერია დასკვნაში.

დასკვნაში ასევე ხაზგასმულია იმ შეცდომებზე, რომლებმაც მონასტრის მოხატულობის დაზიანების პროცესს ხელი შეუწყო. 

"მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის მხატვრობის არასწორი კონსერვაცია, რომელსაც მოხატულობის დაზიანების პროცესის აქტივიზაცია მოყვა და თვითნებური ტონირება-რესტავრაცია, რომელიც მხატვრობის ავთენტურობის დარღვევას წარმოადგენს, სცილდება პროფესიულ ეთიკისა და საერთაშორისო სტანდარტების ნორმებს". – ვკითხულობთ დასკვნაში.

 

კომენტარები