მობილიზაცია რუსეთში

რუსეთის ხაბაროვსკის რეგიონში მობილიზებულთა ნახევარი სახლებში დააბრუნეს, კომისარი დაითხოვეს

რუსი სამხედროები სამობილიზაციო პუნქტთან
Reuters

რუსეთში გაათავისუფლეს ხაბაროვსკის რეგიონის სამხედრო კომისარი, რომელმაც ახლადმობილიზებული სამხედრო პერსონალის ნახევარი სახლებში დააბრუნა, რადგან ისინი კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდნენ. 

"10 დღეში რამდენიმე ათასმა ჩვენმა მოქალაქემ მიიღო გაწვევა და გამოცხადდა სამხედრო რეგისტრაციის ოფისებში. მათგან დაახლოებით ნახევარი სახლებში დააბრუნეს, რადგან ისინი არ აკმაყოფილებდნენ სამხედრო სამსახურისთვის არსებულ კრიტერიუმებს". – თქვა ხაბაროვსკის გუბერნატორმა, მიხაილ დაგტიარევმა. 

დაგტიარევის თქმით, სამხედრო კომისრის, იური ლაიკოს თანამდებობიდან გათავისუფლება გავლენას არ მოახდენს მობილიზაციის პროცესზე.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

პუტინის 21 სექტემბრის განცხადების მიხედვით, მობილიზაცია მხოლოდ სამხედრო გამოცდილებისა და მომზადების მქონე ხალხს მოუწევდა, თუმცა ინტერნეტსივრცეში მალე გავრცელდა ცნობები, რომ ხალხს ამ გამოცდილების გარეშეც იწვევდნენ. ასევე გავრცელდა ინფორმაცია მობილიზებული სამხედროებისთვის არსებულ რთულ პირობებსა და სამხედრო მომზადების ნაკლებობაზე.

29 სექტემბერს, პუტინმა მობილიზაციის პროცესში დაშვებული შეცდომების გადახედვა მოითხოვა

კომენტარები