მობილიზაცია რუსეთში

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთიდან წამსვლელთა შორის სჭარბობენ უზრუნველყოფები და განათლებულები

რუსეთის არმიის პროპაგანდისტული პოსტერი სანქტ-პეტერბურგში
Olga Maltseva/Agence France-Presse - Getty Images

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადებიდან 7 დღეში ქვეყნიდან გავიდა რუსეთის მრავალი მოქალაქე, რომელიც გაწვევას თავს არიდებს. დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთიდან წამსვლელთა შორის სჭარბობენ უზრუნველყოფილი და განათლებული ადამიანები. 

ანგარიშის მიხედვით, რეზერვისტების გაწვევა და რუსეთიდან მასობრივად გადინებული "ტვინები" უკვე ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები