მობილიზაცია რუსეთში

კირილი: ყველას მოვუწოდებ სულიერი მობილიზაციისკენ, რაც ყველა ძალის მობილიზაციას დაეხმარება

პატრიარქი კირილი, რუსეთი, მოსკოვი, 2022 წლის 24 აპრილი
Sergei Vlasov/Russian Orthodox Church Press Service via AP

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილმა რუსებს ქადაგების დროს "სულიერი მობილიზაციისკენ" მოუწოდა.

კირილის თქმით, ეს "სულიერი მობილიზაცია" რუსეთის ყველა ძალის მობილიზაციას დაეხამრება, რაც საბოლოო ჯამში რუსეთსა და უკრაინას "შეარიგებს".

"ჩვენ მოვაღწიეთ საბედისწერო დრომდე, საბედისწერო დროს კი უნდა განვაახლოთ ჩვენი რწმენა, ჩვენი ცნობიერება და მეხსიერება გავამახვილოთ, დავუკვირდეთ ბევრ რამეს, რასაც ჯერ კიდევ გუშინ ყოველგვარი ყურადღებისა და დარდის გარეშე ვუყურებდით. და, აი, მაშინ ჩვენი სულიერი მობილიზაცია, რომლისკენაც მე ახლა ყველას მოვუწოდებ, ჩვენი სამშობლოს ყველა ძალის მობილიზაციასაც დაეხმარება და, ეჭვგარეშეა, ეს, ამავდროულად, საბოლოო ჯამში, დაეხმარება შერიგდნენ რუსეთი და უკრაინა, რომლებიც რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო სივრცეს წარმოადგენენ". – თქვა კირილმა. 

აქამდე, გასულ დღეებში პატრიარქმა კირილმა თქვა, რომ სამხედრო მოვალეობის დროს სიკვდილი ადამიანს ყველა ცოდვისგან წმენდს.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდება.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები