მობილიზაცია რუსეთში

თეთრი სახლი: მივესალმებით რუსეთის მოქალაქეებს, ვისაც პუტინის ომში ბრძოლა არ უნდათ

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის თქმით, რუსეთის მოქალაქეებს, ვისაც არ სურთს პუტინის ომში ბრძოლა და მობილიზაციას გაურბიან, შეუძლიათ აშშ-ს მიმართონ თავშესაფრის მოთხოვნით. ამის შესახებ ჟან-პიერმა თეთრი სახლის ბრიფინგზე ისაუბრა.

ჟან-პიერის თქმით, აშშ თავშესაფარზე რუსეთის მოქალაქეების ყველა მოთხოვნას სათითაოდ განიხილავს.

"რუსეთშია არის ხალხი, ვისაც არ სურს იბრძოლონ და დაიღუპონ პუტინის ომში და მათი გზავნილი ძალიან აშკარაა. ჩვენ გვწამს, რომ მათი ეროვნების მიუხედავად, მათ შეუძლიათ აშშ-ში თავშესაფარი მოითხოვონ და მათი განაცხადი სათითაოდ განიხილება. მივესალმებით ყველას, ვინც თავშესაფარს ეძებს და მათ ეს უნდა გააკეთონ. თუმცა, კიდევ ერთხელ, ჩვენ ვსაუბრობდით უკრაინელების მამაცობაზე, რომლებიც იბრძოდნენ ამ ომში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში და იმაზე, თუ როგორ იბრძოდნენ ისინი თავიანთი თავისუფლებისთვის. რასაც ჩვენ ვხედავთ რუსეთში, არის რუსი ხალხი, რომელიც ამბობს, რომ მათ არ სურთ ეს ომი. ისინი მხარს არ უჭერენ პუტინის ომს. კიდევ ერთხელ, ჩვენ ეს არაერთხელ ვთქვით, ამ ომის შეჩერება მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია და ეს პრეზიდენტი პუტინია. სწორედ მან დაიწყო ეს არაპროვოცირებული, ბრუტალური ომი და მასზეა დამოკიდებული მისი შეჩერება". – თქვა კარინ ჟან-პიერმა.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, 23-27 სექტემბერს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდება.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები