რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კადიროვი პუტინის სიტყვით გამოსვლისას ატირდა

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვით გამოსვლისას ატირდა. რუსული მედიის ცნობით, პუტინის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გამოცხადების დროს კადიროვმა თავი მაღლა აწია, რითაც შეეცადა, დაემალა ის ფაქტი, რომ თვალზე ცრემლი მოადგა.

"ადამიანებმა თავიანთი სულიერი კავშირი შვილებსა და შვილიშვილებს გადასცეს, მიუხედავად ყველა განსაცდელისა, წლების განმავლობაში ისინი რუსეთის სიყვარულს გულით ატარებდნენ. ამ გრძნობას ჩვენში ვერავინ გაანადგურებს". - თქვა პუტინმა იმ მომენტში. 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსია გამოაცხადა.

პუტინმა სიტყვით გამოსვლის დროს გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთის ფედერალური საბჭო მხარს დაუჭერს უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში მიღებას.

სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტმა ლიდერებმა, პუტინთან ერთად, ხელი მოაწერეს რუსეთთან შეერთების ე.წ. დოკუმენტს.


23-27 სექტემბერს მოსკოვმა უკრაინის ოთხ ოკუპირებულ ოლქში: დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში ჩაატარა რუსეთთან შეერთების ფსევდორეფერენდუმები, რომელთა "შედეგებით" ამ ოლქების რუსეთის ფედერაციასთან შეერთება "გადაწყდა".

რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ ოთხი ოლქიდან ვერცერთს სრულად ვერ აკონტროლებენ, მარიონეტულ ადმინისტრაციებს პრეტენზიები კი ოლქის მთელ ადმინისტრაციულ საზღვრებზე აქვთ.

რუსეთმა მსგავსი ფსევდორეფერენდუმი აქამდე 2014 წელს ყირიმში ჩაატარა. 

ე.წ. რეფერენდუმების დანიშვნის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ასევე თქვა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფდა. ამას გარდა, პუტინი დასავლეთს კვლავ ბირთვული იარაღის გამოყენებით დაემუქრა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ექსპრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ე.წ. რეფერენდუმებით ტერიტორიების ანექსიის შემთხვევაში, მათ დასაცავად, შესაძლოა, სტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენონ.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები