რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კადიროვი: ჩეჩნეთში მობილიზაცია არ იქნება, გეგმას ისედაც 254%-ით გადავაჭარბეთ

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა აღნიშნა, რომ ჩეჩნეთში მობილიზაცია არ იგეგმება. კადიროვის თქმით, უკრაინის ომში 20 000 ჩეჩენი მონაწილეობდა, ამიტომ ჩეჩნეთმა უკვე "254%-ით გადააჭარბა გეგმას". რას გულისხმობდა გეგმაში, მას არ დაუკონკრეტებია. 

"გარდა ამისა, რესპუბლიკას ჰყავს ათასობით მოხალისის რეზერვი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შეძლებენ, შეუერთდნენ სამშობლოს დამცველთა რიგებს", - წერს კადიროვი Telegram-ზე.

ჩეჩნეთის მეთაურმა ასევე ისაუბრა ომის საწინააღმდეგო აქციაზე, რომლის გამართვაც 21 სექტემბერს გროზნოში ქალებმა სცადეს. კადიროვი ამტკიცებს, რომ პროტესტის მონაწილე 40-მდე ქალის ახლობლები უკვე უკრაინაში გაგზავნეს. ის ასევე დაიმუქრა, რომ ვინც აქციებში ჩაერთვება, მათ ქმრებსა და ყველა შვილს, "ფრონტის ხაზზე" გაგზავნის.

მსგავსი განცხადება გაავრცელა ბელარუსმაც. "მობილიზაცია ჩვენზე არაა, ბელარუსის ხალხი და ქვეყანა ისედაც მობილიზებულია", - ბელარუსის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალექსანდრე ვოლფოვიჩმა ქვეყანაში მობილიზაციის შესაძლო გამოცხადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას 21 სექტემბერს ასე უპაუხა. 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. 

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

პუტინის მტკიცებით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა ე.წ. რეფერენდუმების ჩატარება უზრუნველყონ.

კომენტარები