რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოიგუ: 300 000-ზე ოდნავ მეტი რეზერვისტის გამოძახება შეგვიძლია

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, უკრაინაში საბრძოლველად რუსეთი 300 000-ზე მეტ რეზერვისტის გამოძახებას გეგმავს. შოიგუმ ამის შესახებ მას მერე ისაუბრა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სპეციალურ სატელევიზიო მიმართვაში ნაწილობრივი მობილიზაცია დააანონსა. 

"უზარმაზარი სამობილიზაციო რესურსი გვაქვს, უფრო სწორად, მათი რესურსი, ვინც მსახურობდა, ვისაც საბრძოლო გამოცდილება აქვს, ვისაც სამხედრო პროფესია აქვს, ასეთები დაახლოებით 25 მილიონი გვყავს. ეს ნაწილობრივი მობილიზაციაა - 1%, 300 000-ზე ოდნავ მეტი რეზერვისტი, ვისაც გამოვიძახებთ". – თქვა შოიგუმ.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ მან სპეციალურ მიმართვაში ისაუბრა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი დღეს, 21 სექტემბერს დაიწყება. 

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

პუტინის მტკიცებით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა ე.წ. რეფერენდუმების ჩატარება უზრუნველყონ.

კომენტარები