რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკვე მობილიზებულები ვართ – ბელარუსის უშიშროების საბჭოს მდივანი მობილიზაციის გამოცხადებაზე

ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო 

"მობილიზაცია ჩვენზე არაა, ბელარუსის ხალხი და ქვეყანა ისედაც მობილიზებულია", - ბელარუსის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალექსანდრე ვოლფოვიჩმა ქვეყანაში მობილიზაციის შესაძლო გამოცხადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა

"მზად ვართ, რა თქმა უნდა .. ღმერთმა არ ქნას.. მზად ვართ, რომ შესაბამისი ძალებითა და საშუალებებით წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ ძალებს", - აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია დღეს, 21 სექტემბერს გამოაცხადა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი დღეს, 21 სექტემბერს დაიწყება. 

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

პუტინის მტკიცებით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა ე.წ. რეფერენდუმების ჩატარება უზრუნველყონ.

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. მობილიზაციის წინააღმდეგ რუსეთის 24 ქალაქში იმართება აქციები, მსვლელობები და პიკეტები. ამ დროისთვის დაკავებულია 400-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები