ევროპული საქართველო

ბოკერია: ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს ანტიდასავლური, ანუ ანტიქართული განწყობის გამყარებას

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ივანიშვილის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას გამოეხმაურა. ბოკერიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი სხვადასხვა გზის მეშვეობით აგრძელებს და კვლავ გააგრძელებს ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას.

"ივანიშვილის რეჟიმი ხან მაღალი დოზით, ხან შედარებით ნაკლებად, ხან მხოლოდ მარიონეტების მეშვეობით, როგორც ადრე ხდებოდა, წლების განმავლობაში, ხან აი ამ ვითომ ოცნებიდან გამოყოფილებით, რომლებიც რეალურად ივანიშვილის პერსონალური ხალხია და მთლიანად მთავრობის პროპაგანდით აგრძელებს და სავარაუდოდ, კვლავ გააგრძელებს ანტიდასავლური, ანუ ანტიქართული განწყობის გამყარებას. საზოგადოებას ისინი ამას აჩვევენ. ასეთი რეჟიმები ასე მუშაობს ხოლმე. ასე იყო იანუკოვიჩიც. რაღაც ამბავში, წლების წინ პუტინიც კი ასე იყო. ეს ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება. ამიტომ, არ უნდა მოვტყუვდეთ იმით, თუ ოდესმე ეს ამბავი შენელდება, ან შეფერხდება, სანამ ვხედავთ, რომ ეს რეჟიმია ხელისუფლების სათავეში და  ვხედავთ, რომ ყველა ის ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებითაც ამას აკეთებდნენ პირდაპირ მთავრობის წარმომადგენლები, მათი მედიები და სოციალურ მედიაში მათი მანქანა აგრძელებს ანტიდასავლური, ანუ ანტიქართული მსოფლმხედველობის დამკვიდრებას". - ამბობს ბოკერია.

გიგა ბოკერიას თქმით, ხუნდაძის ეს კონკრეტული განცხადება ქვეყნისთვის სამარცხვინოა და ის სწორედ ივანიშვილის რეჟიმის ანტიდასავლური პოლიტიკის ნაწილია.

"ეს კონკრეტული განცხადება პერსონალურად ელჩის წინააღმდეგ, გარდა იმისა, რომ დიპლომატიური ეთიკების თვალსაზრისით ქვეყნისთვის სამარცხვინოა, აგრეთვე, უბრალოდ, ამ დიდი ამბის ნაწილია. არ უნდა მოვტყუვდეთ, ეს ამ ერთი განცხადების პრობლემა ან თუნდაც ივანიშვილის ამ ერთი დეპუტატის ამბავი არ არის. წლებია, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის არსი და ახლა უბრალოდ ეს ყველაფერი კიდევ უფრო მკვეთრი გახდა [...] უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ასეთი განცხადება ივანიშვილის დიდი ანტიდასავლური, ანუ ანტიქართული პოლიტიკის ნაწილია. ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხეა. პირდაპირ ეს ხალხი ივანიშვილის დავალებით ჩვენი ქვეყნის ბედს წირავს ამ კაცის ფულსა და ძალაუფლებას, ივანიშვილის პერსონალურ ინტერესებს". - თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა.

ივანიშვილის დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის ინტერვიუს ეხმაურება და ამტკიცებს, რომ ელჩი არაგულწრფელია. ხუნდაძე კელი დეგნანს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და წერს, რომ მან ივანიშვილის დეპუტატების პოლიტიკური აზრი თავდასხმად აღიქვა, კითხვების დასმა კი დანაშაულად ჩათვალა. დეპუტატის სიტყვებით, დღეს ქართველი ხალხი ყველაზე ახლოს არის იმასთან, რომ "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეკუთვნოდეს და არა უკვე ნანახ საბჭოთა ან ჯერ არნახულ ამერიკულ მორჩილებასთან.

"ელჩის გულწრფელობა კი არ გავზომეთ, "შემოგვეზომა". ოპოზიციის განსხვავებულ აზრს პატივს ვცემო და ჩვენი განსხვავებული აზრი, არა თუ არ მოეწონა, თავდასხმად აღიქვა" - ამბობს ხუნდაძე. 

საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი ამბობს, რომ ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში "დიდი დაბნეულობაა", თუ რატომ არ ემიჯნება საქართველოს მთავრობა რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებულ შეთქმულების თეორიებსა და აშშ-ს წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებს.

კომენტარები