ფულადი გზავნილები

რუსეთი, აშშ, სომხეთი – ქვეყნები, საიდანაც აგვისტოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

atmit.net

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 334.3 მლნ აშშ დოლარი (927.4 ლარი) შეადგინა, რაც 63.1%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შემოსული გზავნილების 33.19% რუსეთის ფედერაციაზე მოდის - 110.94 მილიონი დოლარი, რაც 194.64%-ით მეტია 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით. ამასთან, რუსეთის გარდა კიდევ შვიდი ქვეყანაა (სომხეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, გაერთიანებული სამეფო, ტაჯიკეთი, უზბეკეთი), საიდანაც ფულადი გზავნილები მინიმუმ 100%-ით გაიზარდა. 

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: 

  1. რუსეთის ფედერაცია - $110.94 მლნ;
  2. იტალია - $36.59 მლნ;
  3. აშშ - $29.31 მლნ;
  4. საბერძნეთი - $18.76 მლნ;
  5. ისრაელი - $17.98 მლნ;
  6. სომხეთი - $16.90 მლნ;
  7. გერმანია - $15.24 მლნ;
  8. ყირგიზეთი - $13.49 მლნ;
  9. ყაზახეთი - $12.07 მლნ;
  10. თურქეთი - $9.12 მლნ;

2021 წელს ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 2.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. მსოფლიო ბანკის [WB] ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილ თანხებზეა დამოკიდებული. 

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი შედარებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებშია. 

მსოფლიო ბანკის რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2% ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3%-ით მეორე ადგილზე სომალია; საერთაშორისო რეიტინგში მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. 

აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია, რაც იმაზე მიუთითებს, ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ უმცირესი ნაწილი ივსებაუცხოეთში დასაქმებული მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი ფულადი სახსრებით.

კომენტარები