უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ხარკოვის რეგიონის, ქალაქ იზიუმის მდგომარეობაზე ისაუბრა.
"რასაც ჩვენ იზუმში ვხედავთ შოკისმომგვრელია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს ბუჩაში უკვე ვნახეთ. ანალოგიურად დანგრეული შენობები, დახოცილი ადამიანები.
[...] სამწუხაროდ, ეს ჩვენი დღევანდელი ისტორიის ნაწილია. ეს თანამედროვე რუსეთის ნაწილია". - თქვა ზელენსკიმ.
14 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტი ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებულ ქალაქ იზიუმს ეწვია და აღნიშნა, რომ იზიუმის მსგავსად, უკრაინის არმია ყველა ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქსა და სოფელს გაათავისუფლებს.
ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინულმა ძალებმა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ხარკოვში დიდი კონტრშეტევა წამოიწყეს.
უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქში რუსეთის ჩრდილოეთ დონბასის ღერძს ანადგურებენ. კვლევის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პოზიციებს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანში და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში.
მიმოხილვის მიხედვით, მოულოდნელი სისწრაფით წარმართული უკრაინის კონტრიერიშის შედეგად რუსების ჩრდილოეთ დონბასის დაჯგუფება კოლაფსს განიცდის. ამასთანავე, რუსი სამხედროები ვერ ახერხებენ ქალაქ იზუმიდან ორგანიზებულად უკან დახევას.
უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.