დაძაბულობა ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე

ყირგიზმა და ტაჯიკმა მესაზღვრეებმა ერთმანეთს ცეცხლი კვლავ გაუხსნეს, ამჯერად სხვა რეგიონში

ყირგიზი მესაზღვრე

14 სექტემბერს ყირგიზმა და ტაჯიკმა მესაზღვრეებმა ერთმანეთს ცეცხლი კვლავ გაუხსნეს, თუმცა ამჯერად სხვა რეგიონში. 

ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, სროლა კაკ-საის რეგიონში ნაშუადღევს, 14:00-ზე დაიწყო. მათი თქმით, ტაჯიკმა მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს ყირგიზებს და მათაც უპასუხეს.

ადგილობრივი დროით 14:40-ზე სროლა შეწყდა.

სიტუაცია საზღვარზე დაძაბული რჩება. სასაზღვრო დელეგაციები ერთმანეთს მოსალაპარაკებლად ხვდებიან.

ამას გარდა, ყირგიზეთის ინფორმაციით, ტაჯიკებმა ცეცხლი გახსნეს კიდევ ერთი მიმართულების, პასკი-არიკის რეგიონში.

აქამდე, ასევე 14 სექტემბერს, ტაჯიკეთის ანკლავ ვორუხის საზღვარზე მომხდარ შეტაკებას 1 ტაჯიკი მესაზღვრე ემსხვერპლა და 2 დაშავდა. ყირგიზეთმა ასევე გაავრცელა ცნობა 2 დაშავებული საკუთარი მესაზღვრის შესახებ.

ვორუხი გარშემორტყმულია ყირგიზეთის ტერიტორიით. 

მეორე შეტაკება ანკლავის საზღვრებთან არ მომხდარა.

ამავე რეგიონში შეტაკება 3 თვის წინაც, 14 ივლისს მოხდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.

ყირგიზეთის ინფორმაციით, შეტაკება იმიტომ დაიწყო, რომ ტაჯიკი მესაზღვრეების დანაყოფმა სასაზღვრო მონაკვეთზე საბრძოლო პოზიციები დაიკავა.

დაწყებულია მოლაპარაკებები.

ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის სასაზღვრო დაპირისპირება იშვიათი შემთხვევა არაა. გასულ წელს მსგავსი დაძაბულობა თითქმის სრულმასშტაბიან ომშიც კი გადაიზარდა.

კომენტარები