დაძაბულობა ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე

ყირგიზეთი ტაჯიკეთის საზღვართან ОДКБ-ს კონტინგენტის განლაგების ინიციატივით გამოდის

ОДКБ-ს კონტინგენტის წევრი ყაზახეთში, 2022 წლის იანვრის დასაწყისი

ყირგიზეთს სიტუაციის დეესკალაციისთვის მიზანშეწონილად მიაჩნია ტაჯიკეთის საზღვართან, სადაც ბოლო პერიოდში შეტაკებები ხდებოდა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამხედრო კონტინგენტის განთავსება. ამის შესახებ ბიშკეკში გამართულ პრესკონფერენციაზე ყირგიზეთის თავდაცვის მინისტრმა, ბაკტიბეკ ბეკბოლოტოვმა განაცხადა.

"საზღვარზე მშვიდობა და სიმშვიდე საზღვარზე არ იქნება, სანამ ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის მესამე მხარე არ ჩადგება. სადავო მონაკვეთებზე შეიძლება ОДКБ-ს მცირე კონტინგენტის ჩაყენება, რათა გააკონტროლონ ტექნიკის გაყვანა და ცეცხლის შეწყვეტა". – თქვა ბეკბოლოტოვმა. 

აქამდე, 13 ოქტომბერს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ერთმანეთს შეხვდნენ ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და რუსეთის პრეზიდენტები. სასაუბრო თემა ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის კონფლიქტის მოგვარება იყო. 

შეხვედრას წინ უსწრებდა 10 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაცია, რომ ყირგიზეთმა უარი თქვა მიეღო მონაწილეობა ОДКБ-ს სამხედრო წვრთნებში, რომელიც ტაჯიკეთში უნდა ჩატარებულიყო. ყირგიზეთის მხარემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ОДКБ-ს არ უკავშირდებოდა და ითვალისწინებდა საზოგადოების აზრს სასაზღვრო კონფლიქტის შემდეგ. აქამდე ყირგიზეთმა უარი თქვა საკუთარ ტერიტორიაზე გამართულიყო ОДКБ-ს სხვა სამხედრო წვრთნები, რომლებშიც ტაჯიკეთიც მიიღებდა მონაწილეობას.

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე ბოლო დროს განსაკუთრებით მძიმე შეტაკებები სექტემბრის შუა რიცხვებში მოხდა.

ყირგიზეთი-ტაჯიკეთის საზღვარზე სიტუაცია ხელახლა 14 სექტემბერს დაიძაბა. მხარეებს შორის სროლა სამ რეგიონში, მათ შორის ტაჯიკეთის ანკლავ ვორუხის საზღვარზეც მიმდინარეობდა. ტაჯიკეთის ინფორმაციით, შეტაკებებს მათი ერთი სამხედრო ემსხვერპლა. 

ყირგიზეთის ინფორმაციით, 14 სექტემბრის შეტაკება იმიტომ დაიწყო, რომ ტაჯიკი მესაზღვრეების დანაყოფმა სასაზღვრო მონაკვეთზე საბრძოლო პოზიციები დაიკავა.

ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის მსგავსი დაპირისპირებები იშვიათი შემთხვევა არაა, რადგან ორი პოსტსაბჭოთა ქვეყნის საზღვრების დემარკაცია ცუდად არის ჩატარებული. გასულ წელს მსგავსი დაძაბულობა თითქმის სრულმასშტაბიან ომშიც კი გადაიზარდა.

როგორც ყირგიზეთი, ისე ტაჯიკეთი რუსეთის მოკავშირეები არიან. ორივე ქვეყანაში განთავსებულია რუსული სამხედრო ბაზები.

ОДКБ რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის სამხედრო ალიანსია. მისი ამჟამინდელი წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ОДКБ-ს წევრი იყო საქართველოც, 1999 წლამდე. ამ ორგანიზაციის ყოფილი წევრები არიან აზერბაიჯანი და უზბეკეთიც.

კომენტარები