დაძაბულობა ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ტაჯიკეთმა ყირგიზული სოფელი ნაღმტყორცნებით დაბომბა

ყირგიზი მესაზღვრეები

ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე ღამით მნიშვნელოვანი შეტაკებები არ მომხდარა, რაც მიუთითებს, რომ ინტენსიური ბრძოლების შემდეგ მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დიდწილად კვლავ ძალაშია, თუმცა, ყირგიზეთის ცნობით, 24 გარდაცვლილისა და ათობით დაშავებული ადამიანის გარდა, ტაჯიკეთმა ღამით ერთ-ერთი სასაზღვრო სოფელი ნაღმტყორცნებით დაბომბა. 

ტაჯიკეთი მსხვერპლთა ზუსტ რაოდენობას არ აცხადებს, თუმცა, წყაროების თქმით, სულ მცირე 7 ადამიანი გარდაიცვალა. ასევე, ტაჯიკეთის მესაზღვრეების ცნობით, 16 სექტემბერს ტაჯიკეთის რამდენიმე სოფელს ყირგიზულმა ვერტმფრენებმა და უპილოტო თვითმფრინავებმა დაარტყეს. 

ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, ადგილობრივი დროით 16:00-ზე. 

16 სექტემბერს ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის საზღვარზე შეტაკებები განახლდა. ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის სასაზღვრო სამსახურში აცხადებდნენ, რომ ტაჯიკები ყირგიზეთის საგუშაგოებს მთელი სასაზღვრო პერიმეტრის გასწვრივ თავს ესხმოდნენ. შეტაკებებში იყენებდნენ საარტილერიო დანადგარებსაც.

ყირგიზეთი-ტაჯიკეთის საზღვარზე სიტუაცია ხელახლა 14 სექტემბერს დაიძაბა. მხარეებს შორის სროლა სამ რეგიონში, მათ შორის ტაჯიკეთის ანკლავ ვორუხის საზღვარზეც მიმდინარეობდა. ტაჯიკეთის ინფორმაციით, შეტაკებებს მათი ერთი სამხედრო ემსხვერპლა. 

ყირგიზეთის ინფორმაციით, 14 სექტემბრის შეტაკება იმიტომ დაიწყო, რომ ტაჯიკი მესაზღვრეების დანაყოფმა სასაზღვრო მონაკვეთზე საბრძოლო პოზიციები დაიკავა.

ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის მსგავსი დაპირისპირებები იშვიათი შემთხვევა არაა, რადგან ორი პოსტსაბჭოთა ქვეყნის საზღვრების დემარკაცია ცუდად არის ჩატარებული. გასულ წელს მსგავსი დაძაბულობა თითქმის სრულმასშტაბიან ომშიც კი გადაიზარდა.

როგორც ყირგიზეთი, ისე ტაჯიკეთი რუსეთის მოკავშირეები არიან. ორივე ქვეყანაში განთავსებულია რუსული სამხედრო ბაზები.

კომენტარები