რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მორავიეცკი: რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა მინიმუმამდე შევამცირეთ

მატეუშ მორავიეცკი

პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავიეცკის თქმით, პოლონეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას მხარს მტკიცედ უჭერენ. პრემიერმინისტრის თქმით, პოლონეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა მინიმუმამდე შეამცირა.

"ჩვენ ომში ვართ, ეს საგანგებო მდგომარეობაა, ჩვენს აღმოსავლეთ საზღვრებს მიღმა ომია და ამიტომ, რუსმა აგრესორმა თავისი ქმედების შედეგები უნდა იგრძნოს. 

მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში სასტიკ დანაშაულებს ჩადის, მის მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეუძლიათ ისე, თითქოს არაფერი მომხდარა - ეს არასწორია". - თქვა მორავიეცკიმ. 

აქამდე, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებისკენ მოუწოდეს.

მოგვიანებით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი რუსეთთან სავიზო შეთანხმებას, რომელიც ვიზების გაცემას აადვილებდა, შეაჩერებს. ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით, ეს აბსოლუტური სავიზო აკრძალვა არ იქნება.

2007 წლის შეთანხმების ნაწილი, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ბიზნესმენების თავისუფალ გადაადგილებას ეხებოდა, თებერვლის ბოლოს უკვე შეჩერდა. უფრო ფართო შეზღუდვით, რუსეთის მოქალაქეებს დასჭირდებათ მეტი დოკუმენტის წარდგენა, გაუძვირდებათ ვიზის აღება და მნიშვნელოვნად გაეზრდებათ ლოდინის დრო.

ჯერჯერობით არ არსებობს კონსენსუსი, როგორი იქნება დამატებითი შეზღუდვები: შემცირდება რუსებზე გაცემული ევროკავშირის ვიზის რაოდენობა თუ მთლიანად შეჩერდება მათი გაცემა. განიხილება ისიც, რომ შეზღუდვა ბელარუსის მოქალაქეებსაც შეეხოს. 

კომენტარები