რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სიიარტო: ევროკავშირი რუსეთთან შეაჩერებს შეთანხმებას, რომელიც ვიზების გაცემას ამარტივებდა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს ინფორმაციით, ევროკავშირი რუსეთთან სავიზო შეთანხმებას შეაჩერებს, რომელიც ვიზების გაცემას აადვილებდა. მისივე თქმით, ეს აბსოლუტური სავიზო აკრძალვა არ იქნება.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უნგრეთი, ზოგიერთ სხვა წევრ სახელმწიფოსთან ერთად, რუსეთის სავიზო აკრძალვას ეწინააღმდეგება.

”რუსეთის მოქალაქეებისთვის ზოგადი სავიზო აკრძალვა არ იქნება. რამდენიმე წევრი ქვეყანა ეწინააღმდეგება ამას, მათ შორის მეც". - თქვა სიიარტომ.

სიირტომ აღნიშნა, რომ უნგრეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რუსეთის გაზპრომთან დამატებითი გაზის მიღების შესახებ.

ევროკავშირის ქვეყნების ნაწილმა მოითხოვა ერთობლივი მოქმედება, რათა უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად რუს მოქალაქეებს ევროპაში ტურისტული ვიზით მოგზაურობა შეეჩერებინათ. 

ქვეყნებმა, მათ შორის ჩეხეთმა და პოლონეთმა, შეწყვიტეს ვიზების გაცემა რუსი ტურისტებისთვის მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ბრძანება გასცა. მას შემდეგ ისინი მოითხოვდნენ ბრიუსელიდან სრული აკრძალვის ამოქმედებას. 

"მიუღებელია, რომ რუსმა ტურისტებმა ჩვენს ქალაქებში, ჩვენს ნავსადგურებზე ისეირნონ. უნდა გავუგზავნოთ სიგნალი რუს მოსახლეობას, რომ ეს ომი არ არის კარგი და ის მიუღებელია", - აღნიშნა FT-თან მოლაპარაკებებში მონაწილე ევროკავშირის მაღალჩინოსანმა. 

2007 წლის შეთანხმების ნაწილი, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ბიზნესმენების თავისუფალ გადაადგილებას ეხებოდა, თებერვლის ბოლოს უკვე შეჩერდა. უფრო ფართო შეზღუდვით რუსეთის მოქალაქეებს დასჭირდებათ მეტი დოკუმენტის წარდგენა, გაუძვირდებათ ვიზის აღება და მნიშვნელოვნად გაიზრდება ლოდინის დრო.

თუმცა, არ არსებობს კონსენსუსი, როგორი იქნება დამატებითი შეზღუდვები: შემცირდება რუსებზე გაცემული ევროკავშირის ვიზის რაოდენობა თუ მთლიანად შეჩერდება მათი გაცემა. ასევე განიხილება, რომ შეზღუდვა ბელარუსის მოქალაქეებსაც შეეხოს. 

კომენტარები