იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის

ზარქუა: გენოციდზე კამპანია ხელს შეუწყობს ამ თემაზე მეტი ისტორიული სიცხადის შეტანას

ორი დღეა, მწვავე კამათი მიდის ევროპული საქართველოს ინიცირებულ კამპანიაზე აფხაზეთში ქართველთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით. მეც მინდა, ორი სიტყვა ვთქვა:

ამ კამპანიის მოწინააღმდეგეების არგუმენტები შეიძლება რამდენიმე ძირითად ჯგუფად დავყოთ:

  1. დისკუსია არ ეხება ქართველების მიერ ჩადენილ დანაშაულებს და შესაბამისად ჩაგრავს აფხაზების თვალით დანახულ კონფლიქტის პერსპექტივას;
  2. ხდება აფხაზეთიდან დევნილების ინსტრუმენტალიზაცია, კამპანია არის ზედაპირული, იწვევს მსხვერპლთა განმეორებით ტრავმირებას;
  3. ამ თემის ამ კუთხით აქტუალიზება ხელს შეუშლის და დააზიანებს აფხაზებთან შერიგების პროცესს;

ეს არგუმენტები ნაწილობრივად შეიძლება ლეგიტიმურიც იყოს. მათ შორის, ფაქტია, რომ ამ თემაზე საზოგადოებაში დისკუსიის და ცოდნის კატასტროფული ნაკლებობაა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, თუმცა არც სხვა ასაკობრივ ჯგუფებშია ბევრად უკეთესი მდგომარეობა.

ფაქტია ისიც, რომ წლების განმავლობაში დევნილები ქვეყნის პოლიტიკურ პერიფერიაზე არიან და არც საზოგადოებას და არც სახელმწიფოს არ გაუკეთებია საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანების დიდ ნაწილს ნორმალური საცხოვრებელი პირობები და უკეთესის პერსპექტივა ჰქონოდა.

ეს განსაკუთრებით კარგად იგრძნობა დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში, რომლებიც გარეგნულად გეტოს ნიშნებს ატარებს. აქ ნახავთ ძალიან მაღალ უმუშევრობას, უკიდურეს სიღარიბეს და უიმედობას. გვახსოვს დევნილთა გასახლების კადრებიც სხვადასხვა სასტუმროდან.

ამ ფონზე, როდესაც ეს ხალხი ამბობს, რომ ამ თემაზე დისკუსიის ნაკლებობა პრობლემაა, მითუმეტეს გაუგებარია, რატომ ეწინააღმდეგებიან თემის აქტუალიზებას. გაუგებარია, რა საფუძველზე გამოაქვთ დასკვნა, რომ ხდება დევნილების ინსტრუმენტალიზაცია და არა, ვთქვათ, ამ ადამიანების დავიწყებული ისტორიის და რუსეთის მიერ ჩადენილი დავიწყებული დანაშაულის გახსენება იმ ტერორის ფონზე, რასაც რუსეთი უკრაინაში სჩადის.

მითუმეტეს, ეს ხალხი თვითონვე ამბობს, რომ დევნილები საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების პერიფერიაზე არიან და ეს მართალიცაა. მითუმეტეს, ვერ ვხვდები, რატომ არის ცუდი, რომ რომელიმე ჯგუფმა ამ ხალხს მოუსმინოს, მათი გამოცდილება და ისტორიები უფრო მეტ ადამიანამდე მიიტანოს. დევნილების უმრავლესობა, ვისაც შევხვედრივარ, ემოციურად განიცდიდა იმას, რომ მათ გამოვლილ ჯოჯოხეთზე ხშირად გარშემომყოფებმაც არაფერი იცოდნენ.

რაც შეეხება არგუმენტების კიდევ ერთ ჯგუფს, რომ ხდება აფხაზების დემონიზება და კამპანია შეაფერხებს აფხაზებთან შერიგების პროცესს.

პირველ რიგში, არანაირი პროცესი და მითუმეტეს შერიგების არ მიმდინარეობს. ამგვარი პროცესის არარსებობას რუსეთის ფაქტორთან, საქართველოს პოლიტიკური ელიტის სიღარიბის სხვა ობიექტური გარემოებების გარდა, ხელს უწყობს აფხაზების და მათი პოლიტიკური ელიტის შესაბამისი განწყობის არარსებობაც. ქართველებთან შერიგებაზე დისკუსია არათუ არ მიმდინარეობს, მეტიც, ამგვარი განწყობის გაჟღერებაც კი საშიშია და შეიძლება, ასეთი აზრების გამხმოვანებელი ადამიანის ფიზიკური დევნით დასრულდეს.

რაც შეეხება იმას, რომ კამპანია არ ეხება ქართველების დანაშაულებს და ახდენს ვითარების დემონიზაციას - აქ მართლა სიღრმისეული დისკუსიაა საჭირო. ის რომ 1990-იანი წლების დასაწყისში ქართულ საზოგადოება ჩაფლული იყო ბნელ ეთნიკურ ნაციონალიზმში, სამწუხარო, მაგრამ ისტორიული ფაქტია.

“ერთი სტადიონი ხალხი არიან, ეგენი მთიდან ჩამოვიდნენ” და ამგვარი ფრაზებიც ყველას მოგვისმენია. ცხადია. ამ პათოსისგან არ იყო თავისუფალი იმდროინდელი პოლიტიკური ელიტაც, რამაც არაერთი ტრაგიკული შეცდომა განაპირობა, მათ შორის აფხაზებთან ურთიერთობაში. შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რა დამოკიდებულება ჰქონდა ქართველების ნაწილს აფხაზებთან, თუ გავიხსენებთ იმას, როგორ მიიღო დევნილები.

რა თქმა უნდა, იყო ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულებიც, მაგრამ არ არსებობს სისტემურობა და შესაბამისი მასშტაბი, რომ ამას გენოციდი ვუწოდოთ. არ არსებობს ამის მტკიცებულებები, მათ შორის, ამ თემაზე არ საუბრობს რუსეთიც.

თუ გავიხსნებთ, 2008 წელს როგორ ცდილობდა რუსული პროპაგანდა მსოფლიოს შეცდომაში შეყვანას, რომ ქართველებმა ცხინვალში 3 ათასამდე ეთნიკური ოსი მოკლეს, რაც საბოლოოდ მტკნარი ტყუილი იყო. შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რას მოიმოქმედებდნენ რუსები, რაიმენაირი ფაქტი რომ ჰქონდეთ 90-იანებში ქართველების მიერ აფხაზების წინააღმდეგ ჩადენილი მასშტაბური დანაშაულის ან გენოციდის შესახებ.

გენოციდი მოხდა ქართველების წინააღმდეგ - ადამიანები ჯგუფურად მოკლეს, იძალადეს და გაძარცვეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები იყვნენ, 300 ათასამდე ადამიანმა სახლი დაკარგა იმის გამო, რომ ქართველები იყვნენ. ეს არის ფაქტი. ამ წამსაც ადამიანები იჩაგრებიან და მეორეხარისხოვან მოქალაქეებად არიან ქცეულნი აფხაზეთის ტერიტორიაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები არიან.

ეს ფაქტია.

რაც შეეხება აფხაზების დემონიზაციას, მგონია, რომ პირიქით - ეს კამპანია ხელს შეუწყობს ამ თემაზე მეტი ისტორიულ სიცხადის შეტანას, იმის შესახებ, რომ გენოციდი ქართველების წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციამ მოაწყო. იმიტომ, რომ რუსეთის მხარდაჭერის, კოორდინაციის, შიგადაშიგ პირდაპირი სამხედრო ჩართულობის, პოლიტიკური პატრონაჟის, ოპერატიული ორგანიზების გარეშე ეს გენოციდი ვერ მოხდებოდა.

ამ კუთხით ეს კამპანია სასარგებლო იქნება, რადგან დევნილების და მთლიანად საზოგადოებას ცნობიერებას აამაღლებს და პრობლემის სათავისკენ მიაპყრობს. კამპანიამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს აფხაზების როლის გადააზრებას და ამ სურათში რეალური პროპორციების შემოტანას.

შეიძლება, ვინმეს არ მოსწონდეს ამ კამპანიის ფორმა ან ხარისხი ან კიდევ სხვა რამ, მაგრამ მოყვანილი არგუმენტები უბრალოდ არ არის სწორი. კიდევ უფრო გაუგებარია და უცნაურია თავდასხმა და დამუნათება ამ კამპანიის ინიცირების გამო.

რეალ პოლიტიკას აღმასრულებელი რედაქტორი აკა ზარქუა კამპანიის - იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის შესახებ. 

7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლის თავზე რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის წინ გაიმართება აქცია - "იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის" –. ორგანიზატორები არიან ტაბულა, ევროპული საქართველო, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, თავისუფლების ინსტიტუტი და აფხაზთა კრება. აქციაზე აჩვენებენ ფილმს, რომელიც ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებს.

კომენტარები