უკრაინა

მივმართე პრემიერს, განიხილოს – ზელენსკი ერთნაირსქესიანთა ქორწილის პეტიციას ეხმაურება

ვოლოდიმირ ზელენსკი
Ukrainian Presidential Press Service/Handout via REUTERS

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ელექტრონულ პეტიციას, სახელად ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია. ზელენსკის თქმით, მან  უკრაინის პრემიერმინისტრს, დენის შმიგალს პეტიციის წამოყენებული საკითხის განხილვის თხოვნით მიმართა.

ზელენსკის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პეტიციას, რომელიც 2022 წლის 6 ივნისს წარადგინეს, 25 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

"მადლობა აქტიური სამოქალაქო პოზიციისთვის მათ, ვინც პეტიციას შეუერთდა". – წერია განცხადებაში. 

ზელენსკის თქმით, თანამედროვე მსოფლიოში დემოკრატიული საზოგადოების დონე მოქალაქეებისთვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფით ისაზღვრება.

თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ კონსტიტუციით ქორწილი კაცსა და ქალს შორის თავისუფალ თანხმობას ეფუძნება და ომის, ან საგანგებო სიტუაციის დროს უკრაინის კონსტიტუციის შეცვლა არ შეიძლება .

"უკრაინის ოჯახის კოდექსი ოჯახს განმარტავს როგორც საზოგადოების პირველ და მთავარ ერთეულს. ოჯახი შედგება ინდივიდებისგან, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, დაკავშირებული არიან საერთო ცხოვრებით, აქვთ საერთო უფლებები და ვალდებულებები. უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, ქორწილი ეფუძნება ქალისა და კაცის თავისუფალ თანხმობას (51-ე მუხლი). უკრაინის კონსტიტუცია ვერ იქნება შეცვლილი ომის ან განსაკუთრებული სიტუაციების დროს უკრაინის კონსტიტუციის 157-ე მუხლი)". – წერს ზელენსკი. 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ "ამავდროულად, მთავრობა მუშაობს სამოქალაქო პარტნიორობის ლეგალიზაციის გადაჭრის გზებზე".

ზელენსკიმ პეტიციაზე მუშაობა უკრაინის პრემიერმინისტრს დაავალა.

"ამავდროულად, უკრაინის 116-ე მუხლის შესაბამისად, უკრაინის მინისტრთა კაბინეტი იღებს ზომებს, რათა ხალხისა და მოქალაქეების უფლებები და თავისუფლებები უზრუნველყოს.ამის გათვალისწინებით, მივმართე უკრაინის პრემიერმინისტრს თხოვნით, გადახედოს ელექტრონულ პეტიციაში წამოყენებულ საკითხს და მაცნობოს შესაბამის რეზულტატებზე". – აღნიშნა ზელენსკიმ განცხადებაში.

კომენტარები