რუსეთი-საქართველო

ბოკერია მედვედევზე: თუნდაც ყალბი იყოს, ეს ის სულისკვეთებაა, რითიც პუტინის რეჟიმი მოქმედებს

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის პოსტს გამოეხმაურა და თქვა, რომ თუნდაც ეს განცხადება ყალბი იყოს, ის სულისკვეთება მაინც ჩანს, რითიც პუტინის რეჟიმი მოქმედებს.

"ჩვენ ვიცით, განცხადება გაკეთდა, რომ ჰაკერებმა გაუტეხეს, ეგ არ ვიცი გაუტეხეს, მთვრალმა დაწერა თუ რაღაც სხვა, შესაძლოა მართლაც ვინმემ გაუტეხა და დაუწერა, ოღონდ აქ იმაშია საქმე, რომ რაც ამ განცხადებაში კომპაქტურად და კიდევ უფრო მკვეთრად წერია, ყველაფერი ეს პუტინს, მედვედევსა და მათ პროპაგანდას სხვადასხვა ეტაპზე ნათქვამი აქვთ". - თქვა ბოკერიამ.

მისივე თქმით, რუსეთის პროპაგანდა წლებია სწორედ იმ ხაზს ავითარებს, რომ საქართველო არ არსებობს და ამაში ახალი არაფერია.

"ვიმეორებ კიდევ ერთხელ, ამ განცხადებაში გინდა ყალბი იყოს და გინდა არა, შეკრულია ეს ყველაფერი, რეალურად ეს არის ის სულისკვეთება, რითიც პუტინის რეჟიმი მოქმედებს და რის გამოც ის ჩვენი ქვეყნის, სხვა მეზობლების და თავისუფალი სამყაროს ქვეყნების თავისუფლებისთვის, სახელმწიფროობისა და არსებობისთვის საფრთხეს წარმოადგენს". - თქვა მან.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში გამოქვეყნდა და წაიშალა პოსტი, რომელშიც საუბარი იყო რუსეთის ექსპანსიაზე, ეხებოდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ეჭქვეშ აყენებდა ყაზახეთის სახელმწიფოებრიობას. მედვედევის ასისტენტი ამბობს, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი მას არ ეკუთვნის და მისი "გვერდი გატეხეს".

პოსტში ეწერა, რომ "სუვერენიტეტის აღარანაირი პარადი აღარ იქნება" და საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნები, "კვლავ ერთად იცხოვრებენ". პოსტში ნათქვამი იყო, რომ "ამ გზით მოძრაობა უკვე დაიწყეს" და "ძალასა და საშუალებებს არ დაზოგავდნენ".

კომენტარები