რუსეთი-საქართველო

საქართველო მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანდება – მედვედევის პოსტი, რომელიც წაშალეს

დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში გამოქვეყნდა და წაიშალა პოსტი, რომელშიც საუბარი იყო რუსეთის ექსპანსიაზე, ეხებოდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ეჭქვეშ აყენებდა ყაზახეთის სახელმწიფოებრიობას. მედვედევის ასისტენტი ამბობს, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი მას არ ეკუთვნის და მისი "გვერდი გატეხეს".

პოსტში ეწერა, რომ "სუვერენიტეტი აღარანაირი პარადი აღარ იქნება" და საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნები, "კვლავ ერთად იცხოვრებენ". პოსტში ნათქვამი იყო, რომ "ამ გზით მოძრაობა უკვე დაიწყეს" და "ძალასა და საშუალებებს არ დაზოგავდნენ".

"მაგალითად, საქართველო შემოერთებამდე საერთოდ არ არსებობდა. 1801 წლისთვის დღევანდელი საქართველოს ტერიტორია შედგებოდა ხუთი სუვერენული პოლიტიკური წარმონაქმნისგან: ქართლი და კახეთი დედაქალაქით თბილისში, იმერეთი დედაქალაქით ქუთაისში, ორი სათავადო - სამეგრელო და გურია შავი ზღვის ნაპირებზე, სვანეთის სათავადო მთიან რაიონებში. ანუ, საქართველო ამჟამინდელ საზღვრებში მხოლოდ რუსეთის იმპერიის ფარგლებში შეიქმნა. საქართველო რუსეთისკენ მიიწევდა, რადგან მას ესმოდა: ის იყო მისი ერთადერთი მოკავშირე მუსლიმური სახელმწიფოების საკმაოდ მტრულ გარემოცვაში. ახლაც იგივე ისტორია მეორდება. ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დანარჩენი ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაში გაერთიანება მხოლოდ რუსეთთან საერთო სახელმწიფოს შემადგენლობაშია შესაძლებელი". – ეწერა პოსტში საქართველოსთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ერთად ნახსენები იყო ჩრდილოეთ ოსეთი, რომელიც რუსეთის ფედერაციული ერთეულია. 

აქამდე პოსტში ნათქვამი იყო, რომ მას შემდეგ, რაც ე.წ. მალოროსიას, როგორც პოსტში უკრაინა იყო ნახსენები, "გაათავისუფლებდნენ" და "რუსეთი კვლავ ერთიანი, დიდებული და დაუმარცხებელი გახდება", ამის შემდეგ მოსკოვის მეთაურობით "მომდევნო ლაშქრობა" დაიწყებოდა, რათა აღედგინათ "სამშობლოს საზღვრები", რომელიც "არსად სრულდება".

პოსტში ეჭვქვეშ იყო დაყენებული ყაზახეთის სახელმწიფოებრიობაც. პირდაპირ ეწერა, რომ "ყაზახეთი ხელოვნური სახელმწიფოა" და ეს "ყოფილი რუსული ტერიტორიებია". 

როგორც მედვედევის ასისტენტი ამბობს, არკვევენ თუ ვინ დაწერა და გამოაქვეყნა პოსტი.

პოსტი, რომელიც დმიტრი მედვედევის გვერდზე გამოქვეყნდა და შემდეგში წაშალეს

 

კომენტარები