აშშ-ჩინეთი

რუსეთი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტს პროვოკაციად აფასებს და ჩინეთს მხარდაჭერას უცხადებს

სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი

რუსეთმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში მოსალოდნელი ვიზიტი პროვოკაციად შეაფასა და ჩინეთს მხარდაჭერა გამოუცხადა. 

"ამჟამად დაზუსტებით ვერ ვიტყვით, ჩავა თუ არა პელოსი ტაივანში, თუმცა ყველაფერი ტაივანში შესაძლო ჩასვლასთან დაკავშირებით არის წმინდა პროვოკაცია". - აღნიშნა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

პელოსის შესაძლო ვიზიტი "ვაშინგტონის პროვოკაციად" შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამაც. მისი თქმით, აშშ ცდილობს გააძლიეროს ზეწოლა ჩინეთზე, რომელთანაც რუსეთმა ბოლო წლებში ძლიერი დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა.

დღეს, 2 აგვისტოს ნენსი პელოსი მალაიზიას ეწვია. როგორც ტაივანურ და ამერიკულ მედიებში ამბობდნენ, 2 აგვისტოს საღამოს პელოსი ტაივანში ჩავიდოდა. Reuters-ის ინფორმაციით, თვითმფრინავმა, რომლითაც პელოსი მალაიზიაში ჩავიდა, მალაიზია დატოვა. ჯერჯერობით უცნობია მის ბორტზე იმყოფება თუ არა პელოსი.

დაძაბულობის ფონზე, როგორც Reuters წერს, აშშ-მ კუნძულის აღმოსავლეთით 4 სამხედრო გემი განალაგა. მედიის წყაროს ცნობით, თვითმფრინავების გარდა, არაოფიციალურ გამყოფ ხაზთან განლაგებულია ორი ჩინური სამხედრო ხომალდიც. Reuters-ის წყარომ ჩინეთის არმიის ეს ქცევები უჩვეულოდ და პროვოკაციულად დაახასიათა. 

ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით პეკინის უკმაყოფილება მუქარაში გადაიზარდა. გასულ კვირაში ჯო ბაიდენსა და სი ძინპინგს შორის შედგა სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა ბაიდენს უთხრა: "ვინც ცეცხლს ეთამაშება, მისგან იღუპება".

ნენსი პელოსი ტაივანში ვიზიტს ამ წლის აპრილში გეგმავდა, თუმცა მას შემდეგ გადადო, რაც Covid-19 დაუდასტურდა.

ჩინეთი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. "ერთი ჩინეთის" პოლიტიკა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.

11 ივნისს ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, რომ ტაივანის ჩინეთისგან დამოუკიდებლობა პეკინის სამხედრო ძალების საპასუხო მოქმედებას გამოიწვევს. მანამდე კი - 23 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ის მზადაა, ტაივანის დასაცავად ძალა გამოიყენოს. თუმცა, ასევე განმარტა, რომ ეს პასუხი არ წარმოადგენს კუნძულზე აშშ-ს პოლიტიკის ცვლილებას და ის "ერთი ჩინეთის პოლიტიკის" ერთგული რჩება. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კი აღნიშნა, რომ ამერიკა რუსეთს განიხილავს, როგორც ამჟამინდელ საფრთხეს, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ბლინკენის შეფასებით, ჩინეთი, რუსეთთან შედარებით, მეტად საფრთხის შემცველია. 

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

კომენტარები