ჩინეთი

ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთზე საფრთხისშემცველი ჩინეთია

Florian Gaertner/photothek.de/Pool - Anadolu Agency

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ამერიკა რუსეთს განიხილავს, როგორც ამჟამინდელ საფრთხეს, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ბლინკენის შეფასებით, ჩინეთი, რუსეთთან შედარებით, მეტად საფრთხის შემცველია. 

"ჩინეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც განზრახვასთან ერთად, აქვს ეკონომიკური, ტექნოლოგიური, სამხედრო და დიპლომატიური რესურსი, შეცვალოს საერთაშორისო წესრიგი". - თქვა ბლინკენმა ვაშინგტონის უნივერსიტეტში მიმართვისას. 

ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილი კოალიცია, რომელიც რუსეთს უწევს წინააღმდეგობას, წარმოადგენს კარგ მოდელს სამომავლოდ ჩინეთის გამოწვევებთან გასამკლავებლად.

"პუტინის მიზნების მიღწევაში ხელის შეშლით, გვჯერა, რომ გავაძლიერებთ ჩვენს მხარეს, რათა გამოწვევების პირისპირ დავიცვათ და გავაძლიეროთ ამჟამინდელი წესრიგი [...] მსოფლიო ქვეყნებმა თავიდან აიცილეს მორიგი მსოფლიო ომი და კონფლიქტი ბირთვულ ძალებს შორის". - აღნიშნა ბლინკენმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაასრულა ვიზიტი სამხრეთ კორეასა და იაპონიაში. ორივე ქვეყანაში დიპლომატიური შეხვედრებისას ჩინეთის საკითხი დომინირებდა.

ბაიდენმა ტოკიოში ვიზიტისას აღნიშნა, რომ აშშ მზადაა ტაივანის დასაცავად, ძალა გამოიყენოს. ჩინეთი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. "ერთი ჩინეთის" პოლიტიკა, რომელსაც ამერიკა 1979 წლიდან ფორმალურად იცავს, მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთის ურთიერთობაში.

კომენტარები