ალ-კაიდა

ალ-კაიდას ლიდერი, ალ-ზავაჰირი აშშ-ს დრონის იერიშით ავღანეთში მოკლეს

აიამან ალ-ზავაჰირი

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ-ს დრონის იერიშის შედეგად მოკლულია ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას ლიდერი, აიამან ალ-ზავაჰირი.

31 ივლისს ალ-ზავიჰირი აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულში მოკლეს.

"სამართალი აღსრულდა და ტერორისტი ლიდერი აღარ არსებობს". – თქვა ჯო ბაიდენმა მიმართვის დროს. 

ალ-ზავაჰირი მას შემდეგ გახდა ალ-კაიდას ლიდერი, რაც ოსამა ბინ ლადენი 2011 წელს სპეცოპერაციის დროს მოკვდა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს ბინ ლადენთან ერთად ზავაჰირიც გეგმავდა. ის აშშ-ს ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო.

ოფიციალური პირების თქმით, როდესაც ზავაჰირის დრონიდან ორი რაკეტა ესროლეს, ის თავშესაფრის აივანზე იდგა. ამავე შენობაში იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრებიც, თუმცა ისინი არ დაშავებულან და მხოლოდ ზავაჰირი მოკვდა, როგორც მაღალჩინოსნები ამბობენ.

ბაიდენის თქმით, მან რამდენიმეთვიანი დაგეგმვის შემდეგ იერიში დაადასტურა. 

"არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანი დასჭირდება, არ აქვს მნიშვნელობა სად იმალებით, თუ ჩვენი ხალხისთვის საფრთხე ხართ, შეერთებული შტატები გიპოვით და გაგანადგურებთ. არასდროს შევწყვეტთ ჩვენი ერისა და ხალხის დაცვას". – თქვა ჯო ბაიდენმა. 

ზავაჰირი 9/11-ის ტერაქტის გარდა მონაწილეობდა სხვა თავდასხმების დაგეგმვაშიც. 2000 წლის ოქტომბერში იემენში, ადენში ამერიკულ სამხედრო ხომალდზე თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებაში, რასაც 17 ამერიკელი მეზღვაური ემსხვერპლა და კენიასა და ტანზანიაში აშშ-ს საელჩოებზე თავდასხმებშიც, რასაც 223 ადამიანი ემსხვერპლა. 

კომენტარები