ალ-კაიდა

CNN: ალ-კაიდა აშშ-ს ყველა ფრონტზე ბრძოლით ემუქრება

გამოცემა CNN-მა შეძლო და ტერორისტული ორგანიზაცია ალ-კაიდას რამდენიმე წევრთან ინტერვიუ ჩაწერა. გამოცემა დაჯგუფებას ბაიდენის ავღანეთის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ სასაუბროდ დაუკავშირდა. ტერორისტებთან კავშირზე გასვლის წინა მცდელობები უშედეგოდ მთავრდებოდა, ამჯერად კი მათ პასუხი არ დააყოვნეს.

CNN-ის თქმით, მათ ალ-კაიდასთან 2000-სიტყვიანი კავშირი დაამყარეს. ტერორისტული ორგანიზაცია აშშ-ს ყველა ფრონტზე ბრძოლით ემუქრება, მაშინ, როცა ეს უკანასკნელი ავღანეთს ტოვებს. 

"ამერიკის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა ფრონტზე გაგრძელდება, თუკი ისინი ისლამური სამყაროს დანარჩენ ნაწილებსაც არ მოშორდებიან". – იმუქრება ალ-კაიდას წარმომადგენელი.

ისინი საუბრის დროს შეეხნენ თალიბანსაც და ამერიკელთა წინააღმდეგ ბრძოლისთვის ერთგვარი მადლობაც გადაუხადეს. 

"მადლობა ავღანელებს თანამებრძოლთა დაცვისთვის. დიდი ხანია, რაც რამდენიმე მსგავსი ჯიჰადისტური ფრონტი წარმატებით მოქმედებდა ისლამური სამყაროს სხვა ნაწილებში". – ამბობს ტერორისტული ორგანიზაციის წევრი. 

ტერორისტების სიტყვებიდან ჩანს, რომ თალიბანი აშშ-სთან მოლაპარაკებებში ბოლომდე გულახდილი არ ყოფილა და ამ ორ დაჯგუფებას ერთმანეთთან კიდევ აქვს კავშირი. ასევე ახსენეს პაკისტანის თალიბანიც.

"პაკისტანის თალიბანსა და ალ-კაიდას ისლამური საძმოს კავშირები კვლავინდებურად მყარად აქვთ, იგივე ითქმის [ავღანეთის] თალიბანზეც". – ამბობენ ტერორისტები.

ალ-კაიდას წევრებმა მკვეთრად გაუსვეს ხაზი საკუთარ გავლენას პაკისტანის თალიბანზე.

"ახლა პაკისტანის თალიბანის ორგანიზაცია და მათი მეთაურები არა მხოლოდ შარიათის სინათლისკენ მიისწრაფვიან, არამედ უკეთეს გადაწყვეტილებებსაც იღებენ ძველ გამოცდილებაზე დაყრდნობით და ბოლო წარმატებები იმავე ერთობით, შარიათისა და სიბრძნის რწმენით გახდა შესაძლებელი". – ამბობენ ალ-კაიდას წევრები და, სავარაუდოდ, პაკისტანში მომხდარ აფეთქებას გულისხმობენ, როდესაც ბომბი იმ სასტუმროსთან გააქტიურდა, სადაც ჩინეთის ელჩი იყო სტუმრად, თუმცა, როგორც მაშინ პაკისტანის თალიბანმა განაცხადა, ჩინეთის ელჩი სამიზნე არ ყოფილა. 

ალ-კაიდას წევრებს აშშ ავღანეთში დამარცხებულად მიაჩნიათ. 

"ჩვენი ავღანელი ძმებისთვის შეერთებული შტატები პრობლემას არ წარმოადგენს. ავღანეთის ომში გაღებული მსხვერპლის გამო, ამერიკელები ახლა დამარცხებულები არიან. რესპუბლიკელები იქნებიან თუ დემოკრატები, ორივემ ავღანეთის ომის დატოვების საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო". – ამბობენ ტერორისტები. 

აქამდე ტერორისტებმა CNN-ს უთხრეს, რომ "ავღანეთის ომმა აშშ-ს ეკონომიკას მთავარი დარტყმა მიაყენა", რაც გაგრძელებაა ოსამა ბინ ლადენის იმ ნარატივისა, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირმა ავღანეთში თავი გაიკოტრა. 

ამ კვირაში ალ-კაიდას ყოფილი ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის მოკვლიდან 10 წელი შესრულდება. ბინ ლადენი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის უკან იდგა, რასაც აშშ-ს ავღანეთში შეჭრა მოჰყვა კიდეც. 

 

 

კომენტარები