რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერაშენკო: 40-ზე მეტი ვაგონისგან შემდგარი ეშელონი გავანადგურეთ, ემსხვერპლა 80 ჯარისკაცი

ანტონ გერაშენკო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს თქმით, უკრანელმა სამხედროებმა HIMARS-ის მაღალი სიზუსტის რაკეტებით ყირიმიდან ხერსონში მიმავალი ეშელონი გაანადგურეს.

როგორც გერაშენკო აღნიშნავს, დაზვერვის მონაცემებით, თავდასხმას სულ მცირე 80 რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი დაიჭრა.

"პარასკევს ღამით, HIMARS-ის მაღალი სიზუსტის ჭურვებმა 40-ზე მეტი ვაგონისგან შემდგარი რუსული მატარებელი გაანადგურა, რომელიც ყირიმიდან ხერსონის რეგიონში, ბრილევკას რკინიგზის სადგურზე ცოცხალი ძალით, აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალებით ჩამოვიდა.

შედეგად, ცოცხალი ძალა ნახშირად გადაიქცა, აღჭურვილობა ლითონის ჯართად და საბრძოლო მასალები კი ჰაერში აფრინდა.

HIMARS-ის რაკეტები რუსეთის რკინიგზის ყველა ჯარისკაცს და ოფიცერს ანადგურებენ, როგორც დაქირავებულს, ასევე მომსახურე პერსონალს". - წერს გერაშენკო.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები