ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია: ივანიშვილმა საქართველო ჩაწოლილი საქონელივით გამოდო დახლზე და ვაჭრობს

ომში რომ არ ჩაგრთეთ, ეგ დიდი ფული დამიჯდა, მაგის გამო დიდი მილიონები დავკარგე, თან ეგ ფული თქვენზე უნდა დამეხარჯაო. კელი დეგნანთან შეხვედრა დაადასტურა და იმ ბრალდებებზე სიტყვა არ დაძრა, რომელსაც მისი ხელის ბიჭები აშშ-ს ელჩსა და ვაშინგტონს უყენებენ, არ გაემიჯნა იმ ბრალდებებს, რითიც აღიარა, რომ თავადაა ავტორიც და დირიჟორიც იმ ბინძური სიმფონიის, რომელსაც მისი ხელქვეითების ორკესტრი ასრულებს დასავლეთის წინააღმდეგ. უკვე შემდგარი ფაქტია - ივანიშვილი დასავლეთს ჩვენი ქვეყნის მომავლით ევაჭრება. აი, ასე, საქართველო ჩაწოლილი საქონელივით გამოდო დახლზე და ვაჭრობს. ფაქტიც სახეზეა და პოლარიზაციაც. ჩვენ დასავლეთი გვინდა, ის დასავლეთი, რომელსაც ოლიგარქი ივანიშვილი უკვე ღიად უპირისპირდება და იმპერიის ორღობეებში მიგვათრევს. ამ ვითარებაში და ამ ძალასთან დეპოლარიზაცია შეუძლებელია. მაინც რა უნდა დავთმოთ პოლარიზაციის განსამუხტად, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავალი? და რისთვის? ოლიგარქის მილიარდებს რომ ერთი თეთრი არ მოაკლდეს? ტრიუკი აღარ გაუვა. მის ქონებას ერთი თეთრი კი არა, მილიარდებიც დააკლდება და საქართველოც გააგრძელებს სვლას, წინ ევროპისკენ.

წერს სოციალურ ქსელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილის წერილზე.  ივანიშვილი წერს, რომ ახლა ოცნებას შესაძლებლობა აქვს, იზრუნოს, აშშ-EU-სთან ურთიერთობები არ დაზიანდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ 21 მარტს საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. აგრეთვე, ივანიშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია.

კომენტარები